ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა

ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით პრემიერს მიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართა. ამის შესახებ ჭიკაიძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა" - განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების მფარველობაში იური ვაზაგაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. მისი თქმით, ის სამართალდამცავები, ვინც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ე.წ ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, გურიის გუბერნატორი და სხვ.

კომენტარები