ჭიკაიძის გადადგომა

ღარიბაშვილი: მე, რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებ ლექსოს გადაწყვეტილებას

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის მოთხოვნას გადადგომასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ორშაბათს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ მან დავოსში გააკეთა კომენტარი.

"ლექსო არის ღირსეული ადამიანი და ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მართლაც ღირსეული პოლიციელი და ერთგული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის. ის დაიბადა პოლიციელის ოჯახში, ძალიან ღირსეული მამის შვილია და მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს. ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამდებობა არ არის მთავარი. მისთვის მთავარია, ემსახუროს ხალხს, ქვეყანას, რასაც აკეთებდა წლების განმავლობაში. ასე გავაგრძელებთ ჩვენ, სანამ ხელისუფლებაში ვართ. ეს არის ჩვენი მისია, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურა მუშაობს. სიმართლე გაირკვევა. გასაგებია, რომ ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა ეს ცრუ ინფორმაცია და ბატონ იურის მიაწოდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეს შეგნებულად გააკეთეს, მაგრამ სიმართლე გაირკვევა, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. სასტიკი, საზარელი მკვლელობა, რაც ჩაიდინა ვიღაცამ - ის ვიღაცა მკაცრად დაისჯება. მე, რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებ ლექსოს გადაწყვეტილებას. დავბრუნდები საქართველოში და, ალბათ, ორშაბათს ვიტყვი ამის თაობაზე", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს მიმართა. ამის შესახებ ჭიკაიძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების მფარველობაში იური ვაზაგაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. მისი თქმით, ის სამართალდამცავები, ვინც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ე.წ. ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, გურიის გუბერნატორი და სხვა.

კომენტარები