ომი უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 26 იანვარი

დონეცკის აეროპორტი ნაწილობრივ უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ რჩება, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმირ პოლევოიმ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტის ახალი და ძელი ტერმინალები მთლიანად დანგრეულია, უკრაინელი სამხედროები გამაგრებულები არიან სახანძრო ნაწილისა და სადისპეტჩერო კოშკის, ასევე ასაფრენი ბილიკის მიდამოებში. დონეცკის აეროპორტის მთელი დანარჩენი ტერიტოროა კი საცეცხლე კონტროლის ქვეშაა.

პოლევოიმ დღე-ღამის განმავლობაში 7 უკრაინელი სამხედროს დაღუპვა დაადასტურა, 25 სამხედრო დაშავდა. მისი თქმით, მდგომარეობა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაძაბული რჩება, ტერორისტები ყველა მიმართულებებზე უკრაინული ძალების პოზიციებს ცეცხლს უშენენ. დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა არტემოვსკის რაიონის სოფელ სანჟაროვკაში, ქალაქ დებალცევოში უკრაინული პოზიციების მარცხენა ფლანგზე.

ქალაქ დებალცევოს გარეშემო, რომლის ალყაში მოქცევას პრორუსი ტერორისტები ცდილობენ, რამდენიმე დღეა სიტუაცია დაძაბულია. უშიშროების საბჭოს სპიკერის ანდრი ლისენკოს განცხადებით, სეპარატისტების არტილერიას ქალაქს მუდმივად ბომბავს, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტროენერგია და გათბობა. მისი თქმით, უკრაინული ძალები ქალაქში თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას აგრძელებენ.

ვლადიმირ პოლევოის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ავიაცია გაააქტიურა. როსტოვის ოლქში Ил-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავების არაერთგზის დაშვება დაფიქსირდა. ყირიმში რუსული ნაწილები Ми-24 ტიპის ახალი შვეულმფრენებით შეივსო, შავი ზღვის ფლოტის ავიაცია ამ დღეებში სამხედრო მანევრებს ატარებს.

დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. რესპუბლიკების ლიდერებმა კი დღეს განაცხადეს, რომ ძალთა გაერთიანება და ფრონტის ხაზის გასწორება აქვთ დაგეგმილი, რაც შემდგომ შეტევით ოპერაციებს გულისხმობს.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის დმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში დღეს პრევენციული საცეცხლე დარტყმა მიაყენეს რუსული ჯარების ტაქტიკური დაჯგუფების განლაგებას და ტერორისტთა პოზიციებს სოფელ ნიკოლაევკასთან.

დონეცკის ოლქის შს განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსულ-ტერორისტული ძალები გუშინდელი და დღევანდელი დღის განმავლობაში ინტენსიურად ბომბავდნენ დონეცკის მახლობლად მდებარე მარიინკის დასახლებას, რის გამოც დასახლებულ პუნქტიდან ბავშვების დაგეგმილი ევაკუაცია ვერ განხორციელდა.

კომენტარები