ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ფაქტზე ბულგარეთის 3 მოქალაქე დააკავეს

შტეფან ვერმუტი / REUTERS

ნინოწმინდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს 10 შეკვრად დაფასოებული, 6 კილო და 295 გრამი კოკაინი შემოჰქონდათ. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ორ-ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ბულგარეთის სამი მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული საშო ტ, 1996 წელს დაბადებული გეორგ ა. და 1981 წ. დაბადებული რუსი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. სასაზღვრო კონტროლის გავლისას, დაკავებულებს სხეულზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,295 კგ კოკაინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ. დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს", - აცხადებს შსს.

კომენტარები