საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობა

საბერძნეთში არჩევნების შედეგად პუტინმა ევროპაში ახალი მეგობრები შეიძინა

AFP

ახალ კოალიციაში, რომელიც საბერძნეთის სათავეში კვირას გამართული არჩევნების შედეგად მოვიდა, კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსები შედიან, მათი პირველი ნაბიჯები და განცხადებები კი მოსკოვის ინტერესებს შესაბამება. არჩევნებში მემარცხენე რადიკალურმა პარტია სირიზამ გაიმარჯვა, რომელმაც კოალიცია პარტია ანელთან, იგივე დამოუკიდებელ ბერძნებთან შექმნა და ქვეყნის მთავრობა დააკომპლექტა. სირიზას მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გზავნილი ევროკავშირის მკაცრი ეკონომიის პოლიტიკაზე უარის თქმა და ამ პოლიტიკის გამო გაუქმებული სოციალური შეღავათების დაბრუნებაა.

"ხალხმა მკაფიო, ძლიერი და უეჭველი მანდატი მოგვცა. ჩვენი გამარჯვება იმავდროულად იმ ევროპელი ხალხების გამარჯვებაა, რომლებიც მკაცრი ეკონომიის წინააღმდეგ იბრძვიან, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანადგურებს", - თქვა პარტია სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრასმა.

მემარცხენე რადიკალების და კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეთა დაპირებებს შორისაა მე-13 ხელფასებისა და პენსიების აღდგენა, შემცირებული სახელმწიფო მოხელეების სამსახურებში დაბრუნება, ელექტროენერგიის ფასების შემცირება და სოციალური შემწეობების გაზრდა. სირიზას ლიდერმა ქვეყნის ეკონიმიკური პრობლემების მოგვარების ისეთ სპეციფიკურ გზებზე ისაუბრა, როგორიცაა All Inclusive-ს მომსახურების გაუქმება სასტუმროებში, რათა მცირე ბიზნესის წახალისება მოხდეს, ასევე გერმანიისგან კომპენსაციის მოთხოვნა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისთვის.

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რითიც ახალი მთავრობა დაინტერესდა, რუსეთთან ურთიერთობაა. განცხადება იმის შესახებ, რომ საბერძნეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ გამკაცრებაზე თანხმობა არ მიუცია, სირიზამ ჯერ კიდევ პრემიერის ინაუგურაციამდე გააკეთა. ბერძნული მედიის ცნობით, საკუთარი უკმაყოფილება პრემიერმა ალექსის ციპრასმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან პირველ სატელეფონო საუბარში გამოთქვა. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერების საერთო განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების თაობაზე საბერძნეთთან შეთანხმებული არ ყოფილა. ციპრასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ამით გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების პროცედურა დაარღვია. პარალელურად, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა პრემიერის რანგში რუსეთის ელჩთან გამართა.

რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგ ციპრასი ადრეც, ოპოზიციაში ყოფნისას გამოსულა. 2014 წლის მაისში იგი მოსკოვს ეწვია, სადაც დუმის და ფედერაციის საბჭოს სპიკერებს ნარიშკინს და მატვიენკოს შეხვდა, რომელთა წინააღმდეგ მაშინ უკვე ევროკავშირის პერსონალური სანქციები მოქმედებდა.

"ჩვენთან შეინიშნებოდა ტურისტების ნაკადის ზრდა რუსეთიდან და უკრაინიდან, მაგრამ უკრაინის კრიზისმა ბოლო დროს ტურიზმზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ძალიან მეშინია, რომ თუ საბერძნეთის მთავრობა რეაგირებას არ მოახდენს იმ სანქციებზე, რომელსაც ბოლო დროს ევროპა რუსეთის წინააღმდეგ იყენებს, ის მოიქცევა ადამიანივით, რომელიც საკუთარ თავს ესვრის ფეხებში. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა უთანხმოება მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს", - თქვა ალექსის ციპრასმა.

ერთ-ერთი პირველი განცხადება, რაც ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკას კოზიტასმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე გააკეთა, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეეხებოდა. მისი თქმით, საბერძნეთი ევროკავშირთან ამ საკითხზე მკაცრ მოლაპარაკებებს გამართავს, ევროკავშირის განცხადება კი, რომელიც, მისი თქმით, ახალარჩეული მთავრობის უკითხავად გაკეთდა, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა.

როგორც აღმოჩნდა, საბერძნეთის საგარეო პოლიტიკის ახალი ხელმძღვანელი რუს პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან, მათ შორის, რუსი ნაციონალისტების იდეოლოგთან ალექსანდრ დუგინთან საკმაოდ დაახლოებულია.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკას კოზიტასი(მარცხნიდან პირველი) და ალექსანდრ დუგინი(ცენტრში)
ფოტო: 4pt.su

დუგინთან ბერძენი პოლიტიკოსის ასეთმა სიახლოვემ შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი შეაშფოთა. "ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება. საბერძნეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი საეჭვო კამპანიაშია. ვნახავთ, ეს რას ნიშნავს", - თქვა ბილდტმა. თავად დუგინი კი პარტია სირიზას და კოალიციაში მის პარტნიორ ანელს ევროპაში რუსეთის შესაძლო მოკავშირეებს შორის განიხილავდა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გასული წლის სექტემბერში პარტია სირიზას სპიკერმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კოსტას ისიჰოსმა გააკრიტიკა და მათ ევროპის "ნეოკოლონიური ბულემიის" მაგალითი უწოდა. პოლიტიკოსმა, ფაქტობრივად, ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს უკრაინაში და კიევის ხელისუფლება ნეონაცისტებისა და ფაშისტებისადმი ტოლერანტობაში დაადანაშაულა.

მოსკოვთან ახლო ურთიერთობით კოალიციაში სირიზას პარტნიორი პარტია ანელის ლიდერიც გამოირჩევა. 15 იანვარს პანოს კამენოსი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მმართველ პარტია Единая Россия-ს ხელმძღვანელებს, მათ შორის, ალექსეი პუშკოვს შეხვდა. არჩევნების შემდეგ რუსული სააგენტო Itar Tass-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბერძნეთმა რუსეთის მიმართულებით გეოპოლიტიკური შემობრუნება უნდა განახორციელოს. იგი მიესალმა რუსეთის სოფლის მეურენობის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ევროკავშირი საბერძნეთზე ზეწოლას განახორციელებს, რუსეთი მზადაა, ევროპულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო ბერძნულ პროდუქციას მოუხსნას. კოალიციაში ასევე მისალმებიან საბერძნეთის გავლით რუსული გაზსადენის მშენებლობას.

საბერძნეთში ახალი მთავრობის მოსვლით, რომელიც რუსეთთან სიახლოვის დემონსტრირებას ცდილობს, რუსეთის მიმართ ევროკავშირის ერთიან მკაცრ პოზიციას ბზარი აშკარად შეეპარა. თუმცა, ექსპერტების ნაწილი მიჩნევს, რომ, საბოლოო ჯამში, საბერძნეთის რესურსი, მოახდინოს გავლენა ევროპულ პოლიტიკაზე, საკმაოდ შეზღუდულია. თანაც, ათენის ბრიუსელთან მოლაპარაკების ძირითადი თემა ეკონომიკური საკითხები იქნება. პოპულისტური დაპირებების მიუხედავად, კრიზისიდან დამოუკიდებლად გამოსვლის რესურსი საბერძნეთს დღეისთვის არ გააჩნია.

კომენტარები