რუსეთ-საქართველო

ბერუჩაშვილი: რუსეთმა და საქართველომ შეაჩერეს დიალოგი სავაჭრო საკითხებზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის შემდეგ რუსეთის მომდევნო ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის ანექსია შეიძლება იყოს.

მისი თქმით, შესაძლოა სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდეს ყირიმის მსგავსად ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი და რუსეთს არ გაუჭირდება იმის ორგანიზება, რომ აჩვენოს, თითქოს ადგილობრივ მოსახლეობას მართლაც სურს რუსეთთან შეერთება.

"უკრაინა არ არის იზოლირებული შემთხვევა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები მოვლენების უკანასკნელი განვითარების უფრო ფართო სურათს ხედავენ", - აღნიშნა მან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ საქართველომაც შეიძლება შემოიღოს უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და სავიზო შეზღუდვები.

ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორისაა აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმება. შედეგად კი, მინისტრის თქმით, რუსეთმა და საქართველომ შეაჩერეს არაფორმალური დიალოგი სავაჭრო საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ დიალოგი მალე განახლდება.

ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ვაჭრობას საქართველო ფრთხილად უნდა მოეკიდოს, რადგან მისი ბაზარი ხაფანგს ჰგავს და საკმაოდ არაპროგნოზირებადია.

"ჩვენ რუსეთის ბაზარი გვესახება, როგორც ხაფანგი. ის საკმაოდ არაპროგნოზირებადია. ნებისმიერ დროს რუსეთს შეუძლია ახალი ემბარგო შემოიღოს საქართველოს წინააღმდეგ", - განუცხადა ბერუჩაშვილმა რადიო თავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 28 ნოემბერს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის მოლაპარაკებებზე მორატორიუმია გამოცხადებული, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავდა, რომ ბოლო შეხვედრაზე შემდგომი შეხვედრის თარიღი არ დაითქვა.

"შეხვედრების თვალსაზრისით ჩვენ პაუზა გვაქვს აღებული. რაც შეეხება თვითონ ამ კომუნიკაციის არხის შენარჩუნებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაცა ფორმით კომუნიკაციის არხი რუსეთთან გვქონდეს.

ჩვენ არ გვაქვს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც რაღაცა ფორმით რუსეთთან კომუნიკაციის არხი არ ჰქონდეს. უკრაინასაც კი, რომელსაც ჩვენზე რთული ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, სხვადასხვა ფორმის ურთიერთობა აქვთ და სხვათა შორის, დიპლომატიური კავშირებიც არ გაუწყვეტიათ. ასე რომ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სამეზობლო კონტაქტი მასთან უნდა გვქონდეს", - განაცხადა აბაშიძემ. 

ჯერჯერობით უცნობია, საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ სხვა სიტყვებით თქვა ის, რაც უკვე ცნობილი იყო ორი თვის წინ, თუ ქართულმა მხარემ ამ ფორმატზე საბოლოოდ თქვა უარი.

კითხვაზე, უქმდება თუ არა კარასინ-აბაშიძის ორმხრივი შეხვედრების ფორმატი, თუ უბრალოდ დროებით შეჩერდა, მაგრამ ნარჩუნდება, საგარეო უწყებაში ჯერ არ პასუხობენ, თუმცა ამბობენ, რომ უწყება ამ საკთხზე კომენტარს უახლოეს მომავალში გააკეთებს.

კომენტარები