გაზის ფასი

პრემიერი: თავიდან უნდა ავიცილოთ გაზის გაძვირება, ამ ეტაპზე მაინც

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მთავრობამ თავიდან უნდა აიცილოს გაზის საფასურის გაძვირება, ამ ეტაპზე მაინც". ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხის გაანალიზება და დეტალურად შესწავლა უკვე დაავალა ეკონომიკურ საბჭოს, რის შემდეგაც მთავრობა შეეცდება, გამონახოს გზები გაზის საფასურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად. პრემიერმა ასევე დაავალა მთავრობის წევრებს, დაიწყონ აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკებები გაზის საფასურის გაძვირების გადავადებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ თავად სოკარის წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ისინი აბსოლუტურად მზად არიან, რომ მოვილაპარაკოთ ამ თემაზე. მინდა, ორივე ვიცეპრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, ეს საკითხი უსწრაფესად გადაწყვიტოთ. შეიძლება, ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანულ მხარესაც, რომ მოხდეს საკითხის გადავადება, პროცესის გადაწევა. მიმაჩნია, რომ არის გარკვეული გზები იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება", - განაცხადა პრემიერმა. 

ცნობისთვის, ყაზტრანსგაზ თბილისი იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს 15 თეთრით აძვირებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ფასის ზრდა ლარის გაუფასურებით არის გამოწვეული, რადგან კომპანია ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარისგან დოლარში ყიდულობს. საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასად მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის ყიდულობს, იურიდიულ პირებსა და კომპანიებს კი მასში უფრო მეტის გადახდა უწევთ.

ტაბულას საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისაში უთხრეს, რომ ისინი ბუნებრივი აირის კომერციულ ბაზარს არ არეგულირებენ, შესაბამისად, ყაზტრანსგაზს კომერციული აბონენტებისთის ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდა მარეგულირებელი კომისიის ნებართვის გარეშე შეუძლია.

კომენტარები