შუღლის გაღვივების შესახებ კანონპროექტი

შუღლის გაღვივების დამსჯელი კანონი In action

გიორგი მშვენიერაძე
0 კომენტარი

მოდელირება (წარწერა მათთვის, ვინც თარიღებს ყურადღებას არ აქცევს და გული უწუხდება)

 

ტაბულა 25/04/2015
სოფელ მოხეში პოლიციამ 10 ადგილობრივი მუსლიმი დააკავა

2015 წლის 20 აპრილს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დროს მუსლიმებისათვის ჩამორთმეული მეჩეთის დემონტაჟის პროცესი განახლდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რაც ითვალისწინებს ხსენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს და მის ადგილას ბიბლიოთეკის აშენებას. აქციაში 60-მდე ადგილობრივი მუსლიმი მონაწილეობდა.

მიმდინარე აქციის პარალელურად, სოფელში მალევე დაიწყო კონტრაქციაც, რომელშიც სოფელ მოხესა და სხვა მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადგილობრივები მონაწილეობდნენ და რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ. მათი განცხადებით, შენობა ისტორიულად არ წარმოადგენდა მუსლიმთა სამლოცველოს, მოითხოვდნენ იგი არ გადასცემოდა მუსლიმთა სამმართველოს და მხარს უჭერდნენ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას შენობის ადგილას ბიბლიოთეკის აშენების შესახებ.

სოფელში მობილიზებული იყო 40-მდე პოლიციელიც.

მიუხედავად მუსლიმი მოსახლეობის მოთხოვნისა, დემონტაჟის პროცესი არ შეჩერდა. დაახლოებით 14 საათზე მუსლიმ მოსახლეობას საჯაროდ მიმართა ზ. მიქელაძემ და მოუწოდა „საკუთარი სისხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, უნდა დავიცვათ რელიგიური სიწმინდე ამაოხრებელი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქრისტიანი მრევლისგან". აქციაზე გაისმა შეძახილებიც: „მზად ვართ ყველაფერი გავიღოთ ჩვენი სიწმინდის დასაცავად", „ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ", „თუ მტრობა უნდათ, მიიღებენ მტრობას". აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ 16 საათამდე შეეწყვიტათ დემონტაჟის პროცესი, თორემ შემდეგ აქტიურ მოქმედებებზე გადავიდოდნენ.

აღნიშნული მოწოდებიდან რამდენიმე წუთში პოლიციის მიერ დაკავებული იქნა ზ. მიქელაძე და აქციის 9 მონაწილე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით გამოძიება სსკ-ის 2391 მუხლით დაიწყო (მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით), ხოლო დაკავებულები ბრალდებულნი არიან აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. 20 აპრილს პოლიციამ 10-ვე დაკავებული გაათავისუფლა, თუმცა მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება გრძელდება.

23 აპრილს პოლიციის მიერ დაკითხვაზე დაიბარეს აქციაში მონაწილე ყველა მუსლიმი. დაკითხვიდან გამოსული მუსლიმები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციაში გააფრთხილეს, რომ თუ ამ საკითხზე აქციას კვლავ გამართავდნენ, მათაც პასუხისგებაში მისცემდნენ, რადგან განუმარტეს, რომ ამ საკითხზე აქციის გამართვა იწვევს შუღლის გაღვივებას მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის და ჩნდება ძალადობის რეალური საფრთხე.

შსს 21/04/2015
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ

საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 2015 წლის 19 აპრილს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 10 პირი, რომელთაც ბრალი ედებათ სსკ-ის 2391 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს მოწოდებას შუღლის გაღვივების მიზნით. დაკავებული პირები მოუწოდებდნენ აქციის სხვა მონაწილეებს ძალადობისაკენ, რაც შემდეგში გამოიხატებოდა: „საკუთარი სისხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, უნდა დავიცვათ რელიგიური სიწმინდე ამაოხრებელი ადგილობივი ხელისუფლებისა და ქრისტიანი მრევლისგან", „მზად ვართ ყველაფერი გავიღოთ ჩვენი სიწმინდის დასაცავად", „ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ", „თუ მტრობა უნდათ, მიიღებენ მტრობას". ერთ-ერთმა ბრალდებულმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი გადავიდოდნენ აქტიურ მოქმედებებზე, რაც, ბუნებრივია, ქმნიდა ძალადობის რეალურ საფრთხეს.

პოლიციის მიერ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და აღიკვეთა დანაშაული. ამავდროულად, ამ მომენტისათვის ყველა დაკავებული გაათავისუფლებულია, თუმცა მათ წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.

შემდეგ კი ალბათ იქნება:

სახალხო დამცველის განცხადება - რომელშიც აქცენტი გაკეთდება, რომ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მანამ უნდა შეჩერდეს, სანამ რელიგიის საქმეთა სააგენტოს აქტიური მონაწილეობით შექმნილი (გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსის) კომისია არ გაარკვევს შენობის წარმომავლობას და ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს დაპირისპირებისაგან;

ადამიანის უფლებათა კომიტეტი - დაგმობს მუსლიმთა ძალადობას, შეაქებს პოლიციას და შემრიგებელ სხდომას დანიშნავს;

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის განცხადება - რომელშიც საუბარი იქნება, რომ სწორად უნდა შეფასდეს, რამდენად აკმაყოფილებდა რეალური საფრთხის ტესტს დაკავებულ პირთა ჩადენილი ქმედება;

არასამთავრობო ორგანიზაციათა მეორე ნაწილის განცხადება - რომ მოხეში განვითარებული მოვლენები თურქეთის დამპყრობლური პოლიტიკის ანარეკლია;

ბეჭდურ მედიაში ნიუსები სათაურებით - „აღვიებენ თუ არა მუსლიმები შუღლს ადიგენში?", „ვინ დგას მუსლიმთა მიერ შუღლის გაღვივების უკან?", „რა სასჯელი ემუქრებათ დაკავებულ მუსლიმებს, რომლებსაც ბრალი შუღლის გაღვივებაში ედებათ?";

ასავალ-დასავალი, პირველი გვერდი - „ქვეყნის მტრები - შუღლის გამღვივებელი მუსლიმები";

ექსპერტები ჭკვიანური გამომეტყველებით - „ამ პრობლემაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა სახელმწიფო არაფერს აკეთებს თურქული ექსპანსიის შესაჩერებლად" ან „მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების შემოღება ან „რელიგიის შესახებ" კანონის მიღება";

ადგილობრივი მღვდელთმსახური პირველ არხთან საუბარში - „ახლა უკვე თვალნათლივ დადასტურდა, თუ ვინ აღვივებს შუღლს ადიგენში";

მუსლიმები - სახლში გამოკეტილები;

რელიგიის საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელის კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტი - ირანში;

17 მაისს - ოჯახის დღე აღინიშნება;

კმაყოფილი შორენა - ჩაის მოადუღებს;

და ამ ჩაის გაგრილებამდე დალევენ. კმაყოფილებით.

და თქვენ, ჩემო კოლეგებო, რომლებიც ამ კანონპროექტს მხოლოდ ვიწრო ლეგალისტური კუთხით უყურებთ და გამართლებას უძებნით, ხომ ყველაზე უკეთ იცით, რომ ეს ჩვენი უახლოესი მომავალი იქნება?!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები