ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოწვევა იყო მთავრობისთვის

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, იური ვაზაგაშვილის აფეთქება პროკურატურისთვის და მთლიანად მთავრობისთვის გამოწვევა იყო. ამის შესახებ ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების გამო, პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. მისივე თქმით, "ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას".

"ეს მართლაც შემზარავი ტრაგედია იყო. ასევე, ეს იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის. კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს. ვაზაგაშვილმა იცოდა, რა ხდებოდა პროკურატურაში, კმაყოფილი იყო ამ უწყების მუშაობით, ენდობოდა მას, გახარებული იყო, რომ მისი შვილის საქმე, ფაქტობრივად, დასრულდა და ახალი მოწმეები გაჩნდნენ უკრაინიდან", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები