სავიზო რეგულაციები

ფანჯიკიძე: საემიგრაციო პოლიტიკაზე კითხვები წულუკიანთან უნდა ჰქონდეთ

cp.ge

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების გამო პასუხისმგებლობა საგარეო უწყებას ეკისრება, "არასწორი და მცდარია". ფანჯიკიძის თქმით, ეს იყო რამდენიმე უწყებას შორის შეთანხმებულად მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ფანჯიკიძემ განმარტა, რომ საემიგრაციო პოლიტიკის შემმუშავებელ კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და, შესაბამისად, კითხვები სწორედ იუსტიციის სამინისტროსკენ უნდა წავიდეს და არა - მისკენ. 

"მიდგომა, რაც ამ საკითხისადმი აქვს ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა, არის აბსოლუტურად არასწორი და მცდარი. საქართველოს დაახლოებით 120 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა. საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება იყო მთავრობაში ერთიანი აზრი. გარდა ამისა, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოგვეცა მაშინ, როცა პრემიერმინისტრი იყო ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, მას უნდა სცოდნოდა, რას ითვალისწინებდა ეს გეგმა. ამასთან, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საემიგრაციო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია, რომლის თავმჯდომარე არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და არ ყოფილა მაია ფანჯიკიძე. აქედან გამომდინარე, მთელი ის კითხვები, რომლებიც არსებობს ამ პოლიტიკასთან მიმართებით, უნდა წავიდეს სწორედ იუსტიციის სამინისტროსკენ და არა ყოფილი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისკენ. თუ რაიმე გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგულაციებმა რამეს შეუშალა ხელი, პასუხისმგებლობა პირველ რიგში კომისიის თავმჯდომარეს ეკისრება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე მტკიცებით, ახალ რეგულაციებს ინვესტიციების მოზიდვასა და ტურისტების შემოსვლაზე არ შეეძლო გავლენა მოეხდინა, ვინაიდან იმ ტიპის ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია და ტურისტი შემოდის, ცვლილებები არ შეხებია. 

"რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან შეიცვალა სავიზო რეგულაციები. აქ რამდენიმე ინტერესის გათვალისწინება იყო საჭირო, მათ შორის ეკონომიკური ინტერესის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია. იმ ქვეყნების მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად სჭირდებათ ვიზა, სწორედ უსაფრთხოების კუთხით გამოთქმული მოსაზრებები გავითვალისწინეთ. ამ მოსაზრებებს აფიქსირებდნენ ყოფილი შს მინისტრები - ჯერ ირაკლი ღარიბაშვილი, შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის დღევანდელი მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელიც იყო კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი და ამ საბჭოს დღევანდელი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, რომელსაც მაშინ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ასე რომ, ეს არ ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს იყო ამ უწყებებს შორის შეთანხმებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ეკონომიკური ინტერესის ნაწილს, რადგან საუბარი იყო იმაზე, ხომ არ შეაფერხებს ეს ინვესტიციებს, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და გადაწყვეტილების მიღებისას მისი ყველა შენიშვნა, რეკომენდაცია და წინადადება გავითვალისწინეთ. მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც, როგორც წესი, უნდა მოდიოდეს ყველაზე მეტი ინვესტიციები და ტურისტი, არაფერი შეცვლილა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის შემცირებას ორი მიზეზი აქვს.

"ერთი ობიექტური, როდესაც მიდის ეკონომიკური დაღმასვლა რეგიონში და ეს საერთოდ ამცირებს ტურიზმს. ასევე, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად ძალიან ბევრ ქვეყანასთან გაამკაცრეს სავიზო რეჟიმი. შეიძლება ჩემი წვლილიც იყოს ამ შეცდომაში, ეს ჩემს დროს თუ დაიწყო, არ დამიკონკრეტებია როდის მოახერხეს, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთებულია და მე ვფიქრობ, აქაც გარკვეული გადაცდომები იყო გაკეთებული", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები