ეროვნული უსაფრთხოება

ალასანია: ეთნიკურად სომხებისთვის პასპორტების ჩამორთმევა უსაფრთხოებასაც ეხება

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ჯავახეთში სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ქართული პასპორტების ჩამორთმევა ეროვნულ ინტერესებს ეხება. როგორც ალასანიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები ამ საკითხზე პარლამენტში იმუშავებს.

"ვიყავი ათი დღის წინ. ეს საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებასაც ეხება უკვე. პრობლემა არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი, მე მთხოვეს, რომ პარლამენტში ჩვენმა ფრაქციამ ამ საკითხზე დაიწყოს მუშაობა. ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამის აღმოსაფხვრელად, იმიტომ რომ ეს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის ძალიან დიდ პრობლემას. ეს რეგიონი ისედაც ძალიან მგრძნობიარეა. ჩვენ დავიწყებთ სერიოზულ მუშაობას, ვიქნებით ინიციატორები პარლამენტში, მაგრამ მე მიკვირს უსაფრთხოების სამსახურები - უშიშროება და კონტრდაზვერვითი სამსახური, რატომ არ აფასებენ ამ მოვლენას საფრთხედ. მე არაერთხელ მქონდა უსაფრთხოების კაბინეტთან საუბარი იმაზე და წერილიც მაქვს მიწერილი, რომ როდესაც ასე გააქტიურდა ქვეყანაში, განსაკუთრებით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რუსული სპეცსამსახურები, იხარჯება მილიონობით ფული არასამთავრობო სექტორში საკუთარი დასაყრდენის მოსაპოვებლად, მათ შორის პოლიტიკურ წრეებთან, რატომ არ მიდის რეალურად მუშაობა დავადგინოთ, როგორ, საიდან შემოდის და როგორ ხდება ამ პროცესის კონტროლი" - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომკონტრდაზვერვით სამსახურებში არიან კარგი სპეციალისტები, რომლებმაც იციან როგორ იმუშაონ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ აქვთ პოლიტიკური ნება".

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 6 000 პირს ქართული პასპორტები ჩამოართვა. 

კომენტარები