გიგი უგულავას საქმე

კახიძე: უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებთ

ოთარ კახიძე
facebook

გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლეს გადაწყვეტილება პროცესის დაწყებამდე მიღებული ქონდა - ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძე პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

კახიძის თქმით მოსამართლის განცხადება, რომ უგულავას მიმალვის საფრთხე არსებობს აბსურდულია, რადგან უგულავამ ბრალდებულის სტატუსით საქართველო 13-ჯერ დატოვა.

„ამ ფონზე როგორ შეიძლება არსებობდეს მიმალვის საფრთხე. ჩემი აზრით, ეს წარმოუდგენელია. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, კერძოდ, მოწმეებზე ზეწოლის ალბათობის არსებობა – ვინაიდან ლონდონში საქმის მოწმეს გიორგი კაპანაძეს შავმა ბრგე კაცმა უთხრა, რომ უგულავამ მუქარა შეუთვალა, ეს არ იძლევა საფუძველს იმისა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დარჩა გიგი უგულავა პატიმრობაში, რაც კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო სანდოძემ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას დაცვის მხარის მოთხოვნა, აღკვეთს ღონისძიების ნაცვლად უგულავას 20000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა.

საქმე ეხება გიგი უგულავასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეს, რომელიც სითი პარკიდან უკანონო თანხების ლეგალიზებას და მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიაში არეულობის ორგანიზებას ეხება.

კომენტარები