გიგი უგულავას საქმე

ღონიაშვილი: დამაკავეს იმიტომ, რომ ცრუ ჩვენება მიეღოთ უგულავას წინააღმდეგ

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი ამბობს, რომ ის დააკავეს იმისთვის, რათა მისგან გიგი უგულავას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეღოთ. მისი თქმით, 9 თვის განმავლობაში ეს არაერთხელ სცადეს.

"ძალიან მარტივია, მიხვდეს ადამიანი, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვიყავი დაკავებული, რომ ვარ გიგი უგულავას ნათესავი და მეგობარი. არაერთი შემოთავაზება იყო, ჩემს მეუღლეს მეგობარი მიუგზავნეს, რომ თუ მე მივცემდი გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენებას, მე გამათავისუფლებდნენ. დამაკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემგან მიეღოთ ცრუ ჩვენება. რა თქმა უნდა, ვერ მიიღეს. არჩევნებამდე თვენახევრით ადრე დამაკავეს. ეს იყო მხოლოდ არჩევნებისთვის ნიუსი, არსად არ ჩანს, რომ მე პარტიის დაფინანსებაში ვმონაწილეობდი. ბრალი წამიყენეს ფულის გათეთრებისთვის და ახლა არც ფინანსური პოლიცია, არც პროკურატურა აღარ ახსენებს ამ საქმეში ნაციონალურ მოძრაობის დაფინანსებას. ეს არჩევნებისთვის იყო გაჟღერებული",- თქვა ღონიაშვილმა. მისივე თქმით, "მე, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო გიგი უგულავას შემთხვევაში მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, დღეს ახერხებენ სასამართლოზე ზემოქმედებას. დარწმუნებული ვარ, სასამართლო მიიღებს არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას და გიგი უგულავას გაუხანგრძლივებენ პატიმრობას", - თქვა ღონიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები