ბორის ნემცოვის მკვლელობა

ნემცოვის მკვლელობაზე ღირებული ინფორმაციისთვის ჯილდოდ 3 მილიონი რუბლი დაწესდა

AFP

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობის გახსნას დაეხმარება, ჯილდოდ 3 მილიონი რუბლი დააწესა. 

კომიტეტი ასევე მიმართავს ბორის ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველებსა და მათ, ვინც რაიმე ღირებულ ინფორმაციას ფლობს, ოპერატიულ შტაბს დაუკავშირდნენ.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვში, კრემლთან ახლოს 27 თებერვალს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნემცოვი ხიდზე მეგობარ ქალთან ერთად გადადიოდა, როდესაც მკვლელმა მანქანიდან ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ ესროლა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარი დაგმო, საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და დასძინა, რომ მკვლელობა შეკვეთილია.

ნემცოვის მოკავშირეები კი შემთხვევას პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებენ და უკრაინის ომზე პოლიტიკოსის მოსკოვისგან განსხვავებულ პოზიციას უკავშირებენ.

გამომძიებლები ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა რუსეთში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. რუსული საგამოძიებო კომიტეტი მკვლელობის რამდენიმე მოტივს ასახელებს. მათ შორისაა, ისლამური ექსტრემიზმი და მსხვერპლის უკრაინასთან კავშირები. კომიტეტის თავმჯდომარის ცნობით, მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი და ნემცოვს მანქანა დაჰყვებოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია მანქანა, საიდანაც ნემცოვს ესროლეს და მას ინგუშეთის სანომრე ნიშნები აქვს.

ნემცოვი ბორის ელცინის პრეზიდენტობისას პრემიერმინისტრის მოადგილე იყო. მას იცნობდნენ, როგორც რეფორმატორს ეკონომიკაში. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა, ნემცოვი ოპოზიციაში გადავიდა.

კომენტარები