რუსეთ-საქართველო

უსუფაშვილი: აშშ-ში ვეუბნებით, რომ რუსული აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის პირდაპირი გაგრძელება იმისა, რაც საქართველოში მოხდა 2008 წლის აგვისტოში და შესაბამისად, ეს არის ერთი გეგმის სხვადასხვა კომპონენტი". უსუფაშვილმა ვაშინგტონში ქართველი ჟურნალისტების კითხვას უპასუხა - "რას საკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინა და საქართველო ერთ სიბრტყეზე იყოს განხილული". პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს იმასაც, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე რუსული აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება". როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მხოლოდ ასე შეიძლება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან გაფორმებული ე.წ ხელშეკრულებების შეფასება.

"ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ. ამიტომ არის საქართველოს მთავრობის პოზიცია ურყევი და უცვლელი უკრაინის დახმარების ნაწილშიც და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთელი ამ კომპლექსური პრობლემის ადეკვატურად გააზრებისთვის" - განაცხადა უსუფაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა მთლიანად საქართველოს მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ამ აზრზეა მთლიანად კოალიცია ქართული ოცნება.

"მე მოგახსენებთ, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის, კოალიცია ქართული ოცნების პოზიცია, რომელიც პარლამენტშიც არის წარმოდგენილი და მთავრობაშიც" - თქვა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ასევე უთხრეს, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე არაპოლიტიკურ წრეებთან, "საქართველო ისე აქტიურად აღარ არის განხილვის თემა". მათ უსუფაშვილს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ამას აშშ-სთან არასრული ან არასაკმარისი მუშაობის შედეგად.

"ეს იქნებოდა ჩემი აზრით, ადამიანური და პოლიტიკური უზნეობა, რომ ჩვენ, ქართველებს გვეთქვა ამერიკელებისთვის, რომ დღეს ჯერ საქართველოს პრობლემები განიხილეთ და მერე უკრაინის. რომ დღეს ჯერ საქართველო შეიტანეთ დღის წესრიგში და მერე უკრაინის. ეს იქნებოდა პოლიტიკური უზნეობა და თუ ვინმე ამას ელის, მე ამის გამკეთებელი არ ვარ. იმიტომ, რომ დიახ, დღეს უკრაინაში იხოცება ხალხი, დიახ, დღეს უკრაინაშია ომი, დიახ, დღეს საქართველო ეხმარება უკრაინას და ჩვენ ვინმეს ვთხოვოთ, რომ უკრაინა გვერდზე გაწიეთ და საქართველოზე ილაპარაკეთ? ამას არ გავაკეთებთ, ვისაც უნდა, გააკეთოს" - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები