ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველო შვეიცარიის გავლით რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის

ტაბულა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველო შვეიცარიის გავლით ოკუპანტ ქვეყანას სპეციალურ საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა.

"ეს არის რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, ყველა ხელშეკრულებას, რომლის ხელმომწერია რუსეთი. მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებას. ამის თაობაზე დროულად ეცნობა ყველა ჩვენს პარტნიორს მსოფლიოს ყველა წერტილში, ასევე ჩვენს საელჩოებს მიეცათ დეტალური ინსტრუქცია, რომ დედაქალაქებში გამართონ მოლაპარაკებები. ასევე ჩვენ დღეს შვეიცარიის საელჩოს გავლით გადავცემთ სპეციალურ საპროტესტო ნოტას", - თქვა ბერუჩაშვილმა.

მინისტრისვე განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) „Игла", საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - „Тунгуска", საზენიტო საარტილერიო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса». სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

კომენტარები