ტენდერები

ჯავახიშვილი: სავარაუდ­ოდ, კომპანიებს ტენდერში­ მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ

primetimenews.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები აქვს. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აღნიშნავს, კანონმდებ­ლობაში არ არის მითითებული, რომ სამინისტრო გამარჯვებული კომპანიების წარმომავლობითა და დამფუძნებლების ვინა­ობით უნდა დაინტერესდეს.

"კანონი არც იმას გვავალდებულ­ებს, მონაწილე კომპანიების უკან სახელმწი­ფო მოხელეების ინტერეს­ები ვიკვლიოთ - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება და სამ­უშაოს ხარისხიანად შესრულებაა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინის­ტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა­ საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს, მაგრამ რასაც ვხედავ და ვუყურებ, ფორმალურად ყველაფერი თითქოს სწორად კეთდება", - ამბობს ჯავახიშვილი.

კითხვაზე, რომ სწორედ ფორმალური მხარის მიღმა ჩნდება­ მწვავე კითხვები და რეგიონებში ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მასთან საჩივრით არავინ მისულა.

"გიდასტურებთ, რომ ხშირ შემთხვევაში­ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება, მაგრამ თუ სხვა, დაჩაგრული კომპანიის მფლობელი ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს­ არ იტყვის, როგორ მოვიქცეთ? არც მე მომწონს, როცა ტენდერების შედეგების განხილვისას მუდმივად ერთ გამარჯვებულ კომპ­ანიას ვაწყდები, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, დამეხმარეთ, ტენდერიდან უსამართლოდ გამომაგდესო... თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი­. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად­ თავადვე უნდა იბრძოლოს... მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეო­ბის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს ამბროლაურის გზა ასრულებს... სავარაუდ­ოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში­ მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციი­დან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული­ კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია. ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდე­რს­ ჯავახ ავტოგზა იგებს", - აცხადებს ჯავახიშვილი.

ჟურნალისტმა მინისტრის მოადგილეს უთხრა, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, ხშირად სამშენებლო კომპანიები გამგებლებთან არიან შეთანხმებული. მაგალითად კვირის პალიტრამ ბორჯომი მოიყვანა, სადაც ჟურნალისტის თქმით, ყველა ტენდერს კომპანია­ მშენებელი იგებს და "როცა ერთ-ერთი ტენდერი სხვა ორგანიზაციამ მოიგო, ადგი­ლობრივმა სატენდერო კომისიამ მას დისკვა­­ლიფიკაცია მისცა და სამუშაო ისევ კომპანია­ მშენებელს გადაულოცა". ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ საკითხს პირადად შეისწავლის.

"ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავს­ი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება.­ მე მაქსიმალურად ვცდილობ, ვითა­რება გამოვ­ასწორო. ამ მიზნით საკადრო ცვლილებებიც­ განვახორციელე - გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სამინისტროში გადმოვიყვანე და მის ნაცვლად იქ გამოცდილი კადრი დავნიშნე. პარალელურად,­ ბაზის შექმნას ვცდილობ, რომლის შემდეგაც­ სამშენებლო ორგანიზაციები ჩვენს მოტყუებას­ ვეღარ შეძლებენ, დღეს კი მხოლოდ მათ მიერ მოტანილ ინფორმაციას ვეყრდნობით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გუშინ და დღეს მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს­ შევადაროთ. არც მაღალკვალიფიციური საზედამხედველო სამსახურები გვყავს, ამიტომ­ საკითხს პრინციპულად ვერ უდგებიან..." - თქვა ჯავახიშვილმა.

კომენტარები