ლარის კურსი

კვირიკაშვილი: ამ ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის 3-ნაწილიანი გეგმა გვაქვს

საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის 3-ნაწილიანი გეგმა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„მოკლევადიანი, რომელსაც განვიხილავთ მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერსპექტივას, საშუალოვადიანი - ეს არის 2015 წლის ბოლომდე და გრძელვადიანი - 2015-17 წლები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, ლარის დევალვაციის ეფექტი ორ თვეში არ გავა და საჭიროა გრძელვადიანი მუშაობა. მისი განცხადებით, მოკლევადიან ღონისძიებათა გეგმის ერთ-ერთი ნაწილია პრივატიზაციის დაჩქარება, რაც მთელი რიგი საპრივატიზაციო ობიექტების დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაციას ითვალისწინებს. ასევე ტურიზმის მნიშვნელოვნად წახალისება. მისი თქმით, ამ მიმართულებით ძალიან გაძლიერებული კამპანიაა, რომელიც უკვე დაწყებულია და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. კვირიკაშვილის თქმით, სამუშაოები არის ასევე მოკლევადიან პერიოდში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რაც საინვესტიციო და ბიზნესფორუმების პირდაპირ ორმხრივ რეჟიმში გაძლიერებულ მუშაობას გულისხმობს.

„შემდეგი ნაბიჯია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რომელსაც ყოველთვის აქვს დადებითი ეფექტი ბიზნესგარემოზე, ბიზნესისთვის მეტი ჟანგბადის დატოვების კუთხით და ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს დამატებითი უცხოური სესხების აღებას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ამ კუთხით დამატებითი საინვესტიციო პორტფელის დაფინანსება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები.

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოცამდე მსხვილი აქტივის პრივატიზაციაში ჩვენ ვგულისხმობთ მოკლევადიან პერიოდში დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ფარგლებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანი სავალუტო შემოდინება იქნება და პოზიტიურად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაზე. შემოსული თანხის დიდი ნაწილი ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიემართება. ეკონომიკური ზრდა შენელებულია და ჩვენი წლევანდელი პროგნოზი 5%-იდან 2-ამდე ჩამოვიტანეთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრივატიზაცია არ იქნება მხოლოდ მონეტარულ ეფექტზე ორიენტირებული, ეს იქნება აუცილებლად საინვესტიციო ვალდებულებებით გაჯერებული, რომელსაც ძალიან მკაცრ რეჟიმში გაუწევს სამინისტრო მონიტორინგს.

კვირიკაშვილმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ის აქტივები ჩამოთვალა, რომელსაც საპრივატიზაციოდ გაიტანენ.

„ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის შენობების კომპლექსი, წყნეთის სამთავრობო აგარაკები, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების შენობა, თელასის 25%-იანი სახელმწიფო წილი, საქართველოს ფოსტა, რომელსაც საპრივატიზაციოდ გასატანად მუშაობა სჭირდება და ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარში დავასრულებთ მუშაობას, გუდაურში სასტუმრო კომპლექსი, რეზიდენცია ათონელზე, თუმცა შეიძლება ცვლილება გავაკეთოთ და საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში, ხოლო სამინისტროს შენობის საპრივატიზაციოდ გატანა მოხდეს. ღვინის ქარხნები - გრუზინპრომისა და აკურას ქარხნები, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ორთაჭალაში, ასევე ბათუმის ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, რომლის აუქციონიც გუშინ უკვე დამთავრდა და ამ შენობაში სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. ასევე აღმაშენებელზე მდებარე ყოფილი რკინიგზის კოლეჯის შენობა, ასევე ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა, წყალტუბოს სანატორიუმები, ასევე თბილისში მდებარე სხვადასხვა მიწის ნაკვეთები, რომელიც სასტუმრო კომპლექსების მშენებლობისთვის მიმზიდველია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები