კრიზისი უკრაინაში

პოროშენკოსა და მერკელის ინიციატივით მინსკის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

AP

უკრაინის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ინიციატივით, მინსკის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ამაზე პეტრო პოროშენკო და ანგელა მერკელი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

კიევი აცხადებს, რომ მინსკის შეთანხმების ერთგულია. მოსკოვი კი სეპარატისტების მიერ დაკავებული ტერიტორიებისთვის ოკუპირებულის სტატუსის მინიჭების გამო პროტესტს გამოთქვამს.

პეტრო პოროშენკო ასევე შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა. კიევში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინელი სამხედროების წვრთნების და სამხედრო დახმარების, კერძოდ, სამხედრო მანქანების მიწოდება დააჩქაროს. ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინის ეროვნული გვარდიის 800-მდე მებრძოლს გაწვრთნიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყება 200 უცხოელის სიას ამზადებს, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალებათ. საპასუხო სანქციების სიაში ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და გავლენიანი კონგრესმენები, მათ შორის, ჯონ მაკკეინი და ჯონ ბეინერი მოხვდნენ.

კომენტარები