21 მარტის აქცია

პრემიერი: აქციის მონაწილეები გაერთიანებულები არიან ცუდი იდეის ირგვლივ

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ეს არის ჩვეულებრივი აქცია, ადამიანების, რომლებიც არიან გაერთიანებული ცუდი იდეის ირგვლივ". ამის შესახებ პრემიერმა მარნეულში, ჟურნალისტებს განუცხადა.

"ცუდი იდეა არის ის, რომ მათ არ სურთ ჩვენი ქეყნის წინსვლა, ჩვენი ქვეყნის განვითარება და გაძლიერება. მათი სურვილი არის, ქვეყანაში იყოს ქაოსი, არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და ნურავის ექნება რაიმე სახის ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეაფერხებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კონსტიტუციურ უფლებას უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად იქნება მშვიდობიანად დაცული ყველაფერი. მობილიზებულია მთელი პოლიცია, სამინისტრო. პირადად მინისტრი გააკონტროლებს იქ მიმდინარე მოვლენებს და ყველაფერი ჩაივლის მშვიდობიანად. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას და მე მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ ეს არის მათი უფლება, მაგრამ მივმართავ მათ, რომ მშვიდობიანად ჩაატარონ აქცია. ეს აქცია არ არის პირველი და ალბათ არც იქნება უკანასკნელი. ეს არის თანმდევი პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსი. ვინც არ უნდა იყოს ის, ვინც არ უნდა ატარებდეს, სააკაშვილიც რომ ატარებდეს. ბუნებრივია, ჩანს, რომ ჩვენ, სახელმწიფო დღეს ვართ ძლიერი და ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო. ამიტომ ვაძლევთ მათ უფლებას, ასეთი აქციების ჩატარების, რომ უზრუნველვვყოთ მათი კონსტიტუციური უფლება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმითვე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოებისთვის არც ერთი კონსტრუქციული იდეა არ მიუწოდებია.

"მე აქვე მინდა, გულისწუხილი გამოვთქვა, რომ ამ ადამიანებს, ამ ორი წლის განმავლობაში, არც ერთი კონსტრუქციული იდეა არ მიუწოდებიათ საზოგადოებისთვის. ესენი არიან საკუთარ თავზე ორიენტირებულები. მათი ამოცანა არის, რომ ქვეყანა შეფერხდეს. ქვეყანა არ განვითარდეს, მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ვართ მობილიზებულნი, ჩვენ ვართ მოტივირებულნი, რომ ქვეყანა გავძლიეროთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება, მოქრთამვა ფულით შეძლეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დროებითი, და ის სისასტიკე და ის სადიზმი, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში საქართველოში, ეს ვერასდროს ვერ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ და ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და განვითარება" - თქვა ღარიბაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია ლოზუნგით - "გადადგეს უუნარო მთავრობა" - თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე, აქციის მონაწილეები ვარდების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც. 

კოლონები უკვე წამოსულები არიან სამეგრელოდან, აჭარიდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან.

კომენტარები