იური ვაზაგაშვილის საქმე

ახალი დეტალები იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სოსანაშვილის საქმეზე

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დღეს "იმედის კვირაში" სოსანაშვილის ჩვენების ამონარიდები გააშუქეს.

"2015 წლის 7 თებერვალს ჩემი დაკავება მოულოდნელი ფაქტი იყო. არაფერში ბრალი მე არ მიმიძღვის. ვარ უდანაშაულო და სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს", - წერია სოსანაშვილის ჩვენებაში.

იმედის კვირის ინფორმაციით, ჩვენებაში სოსანაშვილი ადასტურებს, რომ აფეთქებამდე 1 დღით ადრე, 19 იანვარს სოფელ ყარაფილაში კუთვნილი ავტომანქანა ნივით იმყოფებოდა. თუმცა, ამტკიცებს, რომ ყარაფილისაკენ მიმავალ გზაზე ნაცნობები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - მამია ჯანანაშვილი და კოტე ცოცხალაშვილი შეხვდნენ, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და სწორედ მათთან ერთად დატოვა სოფელი ყარაფილა. ყარაფილაში ჩასვლის მიზეზად კი ბიძაშვილთან, სოსო სოსანაშვილთან სტუმრობას ასახელებს. 

"ბიჭებმა გამოთქვეს სურვილი, დაელიათ ყავა. შევთავაზე ჩემს ბიძაშვილთან, სოსო სოსანაშვილთან წამოსვლა, სადაც ყავის დალევის საშუალება ექნებოდათ. ისინი პიკაპით უკან გამომყვნენ. მივედით სოსო სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლთან, რომლის მოპირდაპირედაც იყო ჩემი ნაცნობის მამუკა მელაძის დედის პანაშვიდი. გადავწყვიტე, ბარემ შევსულიყავი. პანაშვიდიდან გამოსვლისთანავე შევედით ჩემი ბიძაშვილის სოსო სოსანაშვილის სახლში, მაგრამ მისი მეუღლე სახლში არ აღმოჩნდა. მამია ჯანანაშვილი და კოტე ცოცხალაშვილი მე დავპატიჟე უკვე ჩემს სახლში სოფელ საკორინთლოში. საკორინთლოში ჩავედით დაახლოებით საღამოს ცხრა საათისთვის, სახლში გავშალეთ სუფრა და დავიწყეთ ქეიფი. მათი წასვლის შემდეგ მე დავწექი დასაძინებლად და დავიძინე", - წერია სოსანაშვილის ჩვენებაში.

იმედის კვირის ცნობით, სოსანაშვილის მტკიცებით, 20 იანვარს ყარაფილაში საერთოდ არ ყოფილა. ამ დღეს ავტომანქანის გასაკეთებლად ქალაქ კასპში გაემგზავრა. მანქანის გაკეთებამდე კი მის ნაცნობს, მამია ჯანანაშვილს დაურეკა და სასადილოში დაპატიჟა.

აღსანიშნავია, რომ მიმტანი ადასტურებს სოსანაშვილისა და ჯანანაშვილის სასადილოში ყოფნას. თუმცა, ამბობს, რომ გამოძიებას ის ამ დრომდე არ დაუკითხავს.

იმედის კვირის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობიდან ერთ კვირაში მამია ჯანანაშვილი პოლიციიდან გაათავისუფლეს. მისი სახლიდან კი ხელყუმბარები ამოიღეს. სასამართლომ 14 თებერვალს ჯანანაშვილი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თავად გია სოსანაშვილსა და ადვოკატ სოსო ჯოგლიძეს კითხვები აქვთ დნმ-სთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, დნმ არაოფიციალურად აიღეს სოსანაშვილისგან და შემდეგ ხელყუმბარის ფალიას წაუსვეს.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი კი ამბობს, რომ სოსანაშვილის საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არის. მისი თქმით, 12 იანვარს სოსანაშვილი შევიდა შესაბამის ბაზაში, სადაც ზურაბ და იური ვაზაგაშვილები ნახა. ასევე 18-დან 21 იანვრის ჩათვლით წალკის რაიონის სოფელი ავრალოს პოლიციის უფროსს სამსახურიდან გათავისუფლება იმ მოტივით სთხოვა, რომ სოფელ საკორინთლოში შეშის პრობლემა უნდა მოეგვარებინა. თუმცა, შეშაზე არ მისულა. 

ვაზაგაშვილის ადვოკატისვე თქმით, სოსანაშვილის ფეისბუქ გვერდიდან მიმოწერებია ამოღებული, სადაც ბრალდებული 1-2 თებერვალს ინტერესდება, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ვის კითხავს გამოძიება.

გია სოსანაშვილის ადვოკატ სოსო ჯოგლიძეს პრეტენზიები აქვს პროკურატურასთან. მისი მოსაზრებით, ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებს არ აქვთ უფლება, სოსანაშვილის საქმის მასალებს გაეცნონ. 

ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ 20 იანვარს იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურას დანაშაულიდან 2 თვის შემდეგაც არ დაუსახელებია მკვლელობის მოტივი და შემკვეთები.

"იმედის კვირაში" დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სოსანაშვილს ბრალს დაუმძიმებს. თუმცა, არ კონკრეტდება, რა მუხლით. სოსანაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 3 აპრილს ეწურება. 

კომენტარები