საჯარო ფინანსები

ხადური TI-ს განცხადებაზე: ელემენტარული არითმეტიკა რომ იცოდნენ, ცუდი არ იქნება

ტაბულა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დეფიციტის მაჩვენებლის ცვლასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, "ამ სიტყვების ავტორმა ელემენტარული არითმეტიკა რომ იცოდეს, ცუდი არ იქნება". ხადური ყველა ორგანიზაციას სთავაზობს, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიარონ.

"ამ სიტყვების ავტორმა ელემენტარული არითმეტიკა რომ იცოდეს, ცუდი არ იქნება. იმიტომ, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი გაანგარიშებულია პირველი იანვრის მდგომარეობით. მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იყო წინასწარი. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მხოლოდ გუშინწინ, თუ გუშინ დაზუსტდა - ეს ერთი. და მეორე - 80 მილიონი საგადასახადო შემოსავალი, რომელიც ბიუჯეტში არ იქნა მიმართული, მიემართა დაბრუნების ქვეანგარიშზე კანონის შესაბამისად და მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი პროფესიონალიზმი რომ გამოიჩინონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, გააკეთონ განცხადებები, არ იქნება ცუდი. ისე, მე ვთავაზობ ყველა ორგანიზაციას, ვისაც ამის სურვილი აქვს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები", - თქვა ხადურმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაასწოროს და საზოგადოებას რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სამჯერ შეცვლის მიზეზები განუმარტოს.

"გარდა ამისა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა იმაზე, თუ რატომ მოხდა დაბრუნების ქვეანგარიშზე უპრეცედენტოდ დიდი თანხის - 82 მილიონი ლარის შენახვა, მაშინ როდესაც ამ თანხის ეფექტურად განკარგვა შეიძლებოდა", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები