თავდაცვის სამინისტრო

ჯანელიძე ალასანიას ბრალდებაზე: ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება

ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ბოლო ვიზიტის დროს პარიზში, მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის, თავდაცვის მინისტრმა ჯანელიძემ უპასუხისმგებლო უწოდა.

"ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, თუ ეს განცხადება გაკეთდა, მე არ მომისმენია. შესაბამისად, სხვა კომენტარი რა უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჯანელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უწოდებს თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას სიცრუეს და მართლაც დაურეკა თუ არა ალასანიას, მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ალასანიას განცხადება უპასუხისმგებლოა.

ჯანელიძის პასუხი ალასანიამ შეაფასა და თქვა, რომ მინისტრი გადაწყვეტილების მიმღები არ არის.

"სამწუხაროა, რომ მინისტრმა ასეთი პასუხი გაგცათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის არ არის, არც იყო და არც დღეს არის გადაწყვეტილების მიმღები. უბრალოდ იყო მომწოდებელი ინფორმაციის ჩემთვის, ასე რომ, მხოლოდ ასეთი უარყოფა ამ ფაქტის მისი მხრიდან მეტყველებს, რომ არ გრძნობს თავს კომფორტულად", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები