ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

IDFI: საზოგადოებრივმა დამცველმა დეპუტატების ნათესავები თანამდებობებზე დანიშნა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომიასთან არსებულმა საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ ქართული ოცნების დეპუტატების ნათესავები თანამდებობებზე დანიშნა.

"თამთა ტეფნაძე საზოგადოებრივ დამცველად 2014 წლის თებერვალში აირჩიეს. ის მანამდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ კომისიას.

თამთა ტეფნაძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის დაკომპლექტება დაიწყო. კერძოდ, საზოგადოებრივმა დამცველმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შვილი გიორგი ხუნდაძე, რომელსაც მანამდე მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა - სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში", სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა.

2015 წლის თებერვალში თამთა ტეფნაძემ თანაშემწედ უკვე საკუთარი მეჯვარე, ნათია ფანგანი დანიშნა. საზოგადოებრივი დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მას ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, კერძოდ, 2009-2010 წლებში ის სამშენებლო კომპანიაში, „ალიონი 99" იურისტის თანაშემწედ მუშაობდა.

ამავე დროს, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არასაშტატო სპეციალისტად თამთა ტეფნაძემ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ირინა ტყემალაძე დანიშნა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტია.

ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ GNCC-გან განსხვავებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატი დეტალურად აქვეყნებს ინფორმაციას აპარატის შტატში დასაქმებულ პირთა შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ შტატგარეშე თანამშრომლად იმ ადამიანის (დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის) ახლო ნათესავის დანიშვნა, ვინც აპარატის ხელმძღვანელის შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე იყო, იწვევს საფუძვლიან ეჭვს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები