კომუნიკაციები

ინტერნეტის ტარიფი აპრილიდან აბონენტების უმრავლესობისთვის იზრდება

ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობას კიდევ ერთი მომსახურება გაუძვირდება. აპრილიდან ორივე ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერის აბონენტების უმრავლესობას ინტერნეტის ღირებულება გაეზრდება. კავკასუს ონლაინმა და სილქნეთმა ტარიფის ზრდის შესახებ აბონენტებს უკვე შეატყობინეს. 

კავკასუს ონლაინის განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო აუცილებელი გახდა არსებული ტარიფების მცირედი დაკორექტირება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ფასების მატება მაქსიმალურად ფრთხილი იყო, რათა აბონენტებზე ტარიფის ზრდა განსაკუთრებით მტკივნეულად არ ასახულიყო. 

მარტში ინტერნეტის პაკეტების ძირითადი ნაწილის ფასი სილქნეტმაც გააძვირა, თუმცა კავკასუსისგან განსხვავებით სილქნეტმა ფასთან ერთად პაკეტების სიჩქარეც გაზარდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ 4 მარტიდან მომხმარებლები რიგ პაკეტებზე 100%-200%-ით მეტ ინტერნეტის სიჩქარეს იღებენ. ახალი ტარიფი ძალაში აპრილში შედის. 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში ამბობენ, რომ კომპანიებს ტარიფის გაძვირებამდე მათთან კომუნიკაცია ჰქონდათ, მათი თქმით შეხვედრაზე ერთ-ერთმა კომპანიამ განაცხადა, რომ მათი სესხები და საოპერაციო ხარჯები დოლარშია, ხოლო შემოსავლების ძირითად ნაწილს კი ლარში იღებენ, რის გამოც მათთვის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს უფლება დააწესოს აბონენტებისთვის მისაწოდებელი ინტერნეტის ზედა ზღვრული ტარიფი. თუმცა ჯერ-ჯერობით ზედა ზღვრული ფასის დაწესებისგან კომისია თავს იკავებს.

კომისია ბაზრის ორივე მსხვილ მოთამაშეს, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიის მოქმედებებს დეტალურად აკვირდება. მათზე სხვა კომპანიებთან შედარებით მეტი რეგულაცია მოქმედებს, რითიც კომისია ცდილობს აღკვეთოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების სხვა მცირე მოთამაშეების ან აბონენტების ინტერესის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

კომენტარები