პენიტენციური სისტემა

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ციხეებს ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებს

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს არა კრიმინალები, რამედ ადმინისტრაცია მთლიანად აკონტროლებს.

"მოგეხსენებათ, კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები, როგორც წესი, სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხვდებიან და მათი მხრიდან ყოველთვის არის მცდელობა იმისა, რომ არალეგიტიმური მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. ამ შემთხვევაში არსებული რეალობის განმსაზღვრელია ის, თუ სამინისტრო რას უპირისპირებს მათ ამ სურვილებს. სამინისტროს, მინისტრის მიდგომა ცალსახაა- ყველა, ვინც კანონს არ ემორჩილება ისჯება სრული სიმკაცრით, ეს იქნება მსჯავრდებული, ბრალდებული თუ სისტემის თანამშრომელი. ამის ნათელი მაგალითია N17 დაწესებულებაში ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ, როგორც მსჯავრდებულები, ისე დაწესებულების დირექტორი.

საგულისხმოა, რომ ლიდერობის მსურველები ნებისმიერ სოციუმში არსებობენ, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. ამ დროს მთავრია ის, რომ დღეს სამინისტროს პოლიტიკა არ ახდენს ასეთი ტიპის მსჯავრდებულების წახალისებას და კანონით დადგენილი წესით იცავს სარეჟიმო პირობებს. გვსურს შეგახსენოთ, რომ სატელევიზიო ეთერით გაშუქებული სისტემაში არსებული შიმშილობებისა თუ თვითდაზიანებების შემთხვევები, უმეტესად განპირობებული იყო იმით, რომ კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი გავლენების დასაბრუნებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არეულობების ინსპირირებასა და ამით ადმინისტრაციისთვის თავიანთი პირობების კარნახს, რაც არაერთხელ აღინიშნა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებში. თუმცა, სწორედ სამინისტროს შეუვალმა და პრინციპულმა პოზიციამ უზრუნველყო ის, რომ საბოლოოდ დავანგრიეთ წლების მანძილზე დაწესებულებებში დამკვიდრებული ანარქია, უკანონობა და ჩამოვაყალიბეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ჯანსაღი სისტემა, სადაც პროცესები სისტემურად უწყების ადმინისტრაციის მიერ იმართება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მომავალშიც არ ვართ დაზღვეული რიგი პროვოკაციებისგან და მსგავსი არალეგიტიმური ქმედებებისგან, თუმცა, კანონის ფარგლებში, მიზანმიმართულად ვაგრძელებთ შეურიგებელ პოლიტიკას, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტისა და სუბკულტურისკენ მიდრეკილი სუბიექტების წინააღმდეგაა მიმართული.

ამავდროულად, ჩვენ პატივს ვცემთ და ყურადღებით ვუსმენთ მედიას, გადამოწმებას ექვემდებარება ჟურნალისტების მიერ მოწოდებული აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ვმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით.არსებული რეალობის ფონზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ სისტემას სრულად აკონტროლებს მინისტრი და შესაბამისად, დაწესებულებებს – ადმინისტრაცია", -ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები