პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი: უმცირესობის უფლებების დაცვა ყველა სახელმწიფო მოხელის ვალდებულებაა

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უმცირესობების უფლებათა დაცვა თითოეული სახელმწიფო მოხელის კონსტიტუციური ვალდებულება. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას თქვა და აღნიშნა, რომ აუცილებელია დისკრიმინაციის წარმომშობ მიზეზთა აღმოფხვრა.

"ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. უმცირესობის უფლებათა დაცვა თითოეული სახელმწიფო მოხელის პირდაპირი და უპირობო კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი საამაყო მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული ტრადიციით არის გამყარებული

მსურს, გავიხსენო ქალბატონ ნინო გოგუაძის სიტყვები მისი შთამბეჭდავი საპარლამენტო გამოსვლიდან: "ჩვენ, კანონმდებლებს, ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა კი არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი. ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში".

მაგრამ კანონმდებლები მარტონი არ არიან, ვისაც ეს პასუხისმგებლობა აკისრია. საჭიროა ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების სწორი, ეფექტური მოქმედება, რომელიც მკაფიოდ განაცხადებს: სახელმწიფო არ შეიწყნარებს უფლებათა ხელყოფის უმცირეს გამოვლინებასაც კი!

ამავე დროს, მიზნად უნდა დავისახოთ დისკრიმინაციის წარმომშობ მიზეზთა აღმოფხვრა. პრობლემა ხომ არა მხოლოდ უშუალოდ ძალადობაა, არამედ აზროვნების ის ფორმა, რომლითაც ხდება ადამიანთა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებათა, სექსუალური ორიენტაციის, ავამდყოფობის, შეზღუდულ შესაძლებლობათა თუ ქრომოსომების რაოდენობის გამოც კი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები