ავიაცია

მთავრობა სკანდალურ ისრაელურ კომპანია ელბიტს აბრუნებს

საპარტნიორო ფონდმა ისრაელურ საავიაციო კორპორაცია ელბიტთან თბილისში ახალი საავიაციო ქარხნის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ელბიტი 2008 წლის ომამდე ქართული არმიის მოდერნიზებაში იყო აქტიურად ჩართული და ქართულ არმიას უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდა, თუმცა, 2012 წელს Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, ისრაელმა რუსეთს საქართველოსთვის მოწოდებული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები გადასცა. სანაცვლოდ კი, რუსეთისგან ირანისთვის მიწოდებული Тор-М1 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კოდები მიიღო. Wikileaks-მა აღნიშნულზე ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია Stratfor-ის თანამშრომლებს შორის მიმოწერა გამოაქვეყნა. გზავნილი 2009 წლის თებერვლით თარიღდება. ამასთან, 2011 წლის აპრილში, Elbit Systems-მა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მან 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. ეს საქართველოსთვის მოწოდებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა მოწყობილობების ღირებულება იყო. ამ დავალიანების არსებობას ოფიციალური თბილისი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა.

ახლა კი, ელბიტის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი იაკობ გადო დარწმუნებულია, რომ "ახალი ქარხანა თვითმფრინავებზე დღეისათვის არსებულ მზარდი მოთხოვნის პირობებში წარმატებული ინვესტიცია იქნება". ის იმედოვნებს, რომ "ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება". 

პროექტს ელბიტი და საპარტნიორო ფონდი დააფინანსებენ. ახალი ქარხანა პირველ პროდუქციას ორი წლის შემდეგ გამოუშვებს. ქარხანა ძირითადად ბოინგისა და სუხოის დეტალებს გამოუშვებს. საწარმოში 300 ადამიანი დასაქმდება. წინასწარი ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდი პროექტში 20 მილიონს ჩადებს, ეკონომიკის სამინისტროც პროექტს 20 მილიონით დააფინანსებს, ელბიტი კი ქარხნის აშენებისთვის 45 მილიონს გაიღებს. თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ ფინანსური თანამონაწილეობის სტრუქტურა კიდევ დაზუსტდება.

ცნობისთვის, Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული საარტილერიო სისტემის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, სამამულო სამხედრო წარმოების უპირატესობებზე საუბრისას, შეიარაღების მომწოდებელთა არაკეთილსინდისიერებაზე მიანიშნა. მისი თქმით, შეიარაღების ადგილობრივი წარმოების პირობებში „აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს, ინფორმაცია სხვას გაუზიაროს ან გადამწყვეტ მომენტში უარი გითხრას [იარაღის მოყიდვაზე] და შეგიჩეროს ამის მოცემა”.

ელბიტი ძირითადად უპილოტო სამხედრო თვითმფრინავებს აწარმოებს. გასულ წელს სამხედრო-სადაზვერვო ტექნიკის წარმოებით კომპანიამ სამი მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

კომენტარები