საყდრისი

რატიანი: RMG GOLD-მა საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, RMG GOLD-მა საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა. ამის შესახებ რატიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაანცხადა.

"რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და შემატყობინეს, რომ RMG GOLD-მა საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა. დღეს ვიყავი საყდრისში, ჩემმა წყარომ შემატყობინა, რომ RMG GOLD-ი ემზადებოდა საყდრისის დაუზიანებელი ნაწილის აფეთქებისთვის. მე ჩავედი, ვნახე. რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, რომ დააყენეს ბურღი და როცა ეს კეთდება, როგორც წესი, რამდენიმე დღეში იქ შეაქვთ ასაფეთქებელი ნივთიერება და აფეთქებენ. დღეს რომ ჩავედი, ბურღი უკვე მოხსნილი იყო, რაც ნიშნავდა, რომ მალე მოხდებოდა აფეთქება. მე მინდოდა საზოგადოებისთვის ამ ფაქტის შეტყობინება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უკვე მოხდა. ეს არის ბარბაროსული აქტი, რაც ხორციელდება საყდრისის მიმართ. ეს არის სირცხვილი. მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ საყდრისი არის მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს საბადო. წამყვანი მეცნიერების შეფასებით, ეს ვანდალური აქტი მსგავსია იმისა, რასაც აკეთებენ ფუნდამენტალისტები მესოპოტამიური ძეგლების მიმართ და არაბი თალიბები. ეს არის სირცხვილი ქვეყნისათვის. შესაბამისად, აუცილებელია, შეიქმნას კომისია და ყველაფერი გამოძიებულ იქნას", - განაცხადა რატიანმა და აღნიშნა, რომ "ახლა აუცილებელია, ადგილზე დაუშვან მეცნიერები და არქეოლოგები, რომლებიც შეაფასებენ, ამ წუთისთვის რა აფეთქება მოხდა".

"მე არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაწილია აფეთქებული... ეს არის ვანდალური აქტი, რომელიც ჩაიდინა დღევანდელმა მთავრობამ და აუცილებელია, რომ ეს იქნას გამოძიებული", - თქვა რატიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ "საყდრისის დაცვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დივერსიაა და ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ". მან პირობა დადო, რომ "RMG-gold-ს ვერავინ გააჩერებს". 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, რომ "სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც მოხდა საყდრისში".

კომენტარები