იური ვაზაგაშვილის საქმე

სოსანაშვილის ადვოკატი ხელყუმბარის აფეთქების ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს

თეორემა/ტაბულა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატი ხელყუმბარის აფეთქების საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს. სოსო ჯოგლიძემ ამ შუამდგომლობით სახელმწიფო ბრალდების მზარეს უკვე მიმართა.

ჯოგლიძის თქმით, თუ საფლავზე ნამდვილად F1 ტიპის ხელყუმბარა აფეთქდა, მაშინ სულ სხვა სურათი უნდა ყოფილიყო. 

სოსანაშვილის ადვოკატის ვარაუდს არ ეთახმება დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილს სხეულზე დაზიანებები სწორედ F1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქების შედეგად აქვს მიღებული. 

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებები მკვლელობის საქმეში სოსანაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი კი გამომძიებლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. სოსანაშვილის თქმით, მას მკვლელობის დაკვეთად ყოფილი პოლიციელის, ირაკლი ფირცხალავას დასახელებას აიძულებდნენ. სოსანაშვილის მიერ ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტები მთავარ პროკურატურაში უარყვეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა პოლიციისა და სპეცრაზმის სხვა ათ თანამშრომელთან ერთად ე.წ კორტების საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 თებერვალს დააკავეს.

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე 20 იანვარს ააფეთქეს. 8 თებერვალს კი მისი მკვლელობის ბრალდებით გია სოსანაშვილი დააკავეს.

კომენტარები