მოწვეული პროკურორები

ნადირაშვილი: მოწვეული უცხოელი პროკურორები ბიუჯეტიდან წელიწადში მილიონს იღებენ

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ დაქირავებულ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფში შემავალი პროკურორები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ისინი თვეში 35000 დოლარს იღებენ, ხოლო წელიწადში დაახლოებით 1 000 000 ლარს. ნადირაშვილის მოსაზრებით, დაქირავებული ექსპერტები, ცხადია, იმას დაწერენ, რაც მთავრობას უნდა, თუმცა, თავისი დასკვნებით ვერ შეცვლიან საერთაშორისო აზრს. ნადირაშვილი მოუწოდებს პროკურორებს, ნუ გამოაყენებინებენ თავს საქართველოს მთავრობას. ასევე მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, "სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს მასკარადი".

"ყველას კარგად გახსოვთ, რომ პროკურატურასთან მუშაობს საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი, ამის თაობაზე პროკურატურამ არაერთხელ განგვიცხადა. ამ ჯგუფის წევრები არიან პროკურორი სერ ჯეფრი ნაისი, მოშე ლადორი და პოლ კაფი.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ესენი არიან დამოუკიდებელი, კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც თვალს მიადევნებენ საქართველოში მართლმსაჯულების პროცესს.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ეს ადამიანები არიან არა კვალიფიციური და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც თავის დამოუკიდებელ და ობიექტურ აზრს დადებენ საქართველოში მართლმსაჯულების პროცესთან დაკავშირებით, არამედ ესენი არიან ჩვეულებრივი დაქირავებული პროკურორები - ზუსტად ისეთი პროკურორები, როგორიც გახლავთ, მაგალითად, ბადაშვილი და შოთაძე და მთლიანად პროკურატურა, რომელიც დღეს ასრულებს მთავრობის პოლიტიკურ დაკვეთას და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველთვიურად ამ სამი ადამიანის სახელფასო საჭიროებისთვის ხარჯავს 35 000 დოლარს. ანუ ერთი წლის განმავლობაში ამ სამი ადამიანის შენახვა სახელმწიფოს უჯდება დაახლოებით 1 მილიონი ლარი.

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხუშტურის შესასრულებლად იყიდა ეს პროკურორები და იყიდა არა საკუთარი ფულით, არამედ ჩვენი, ბიუჯეტის სახსრებით და ამ ყველაფერს აქვს ორი მხარე: ერთი, რომ ეს არის უზნეობა, როდესაც ბიუჯეტი გარღვეული გაქვს, პენსიები და ხელფასები შეამცირე ლარის კურსის ვარდნის გამო და შენი პირადი ხუშტურების დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტიდან 3 ადამიანს უხდი 1 მილიონს. მეორე - აბსოლუტურად არაპრაგმატულია ამ თანხების ხარჯვა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა დაწერონ ამ დაქირავებულმა პროკურორებმა, ისინი, ცხადია, ვეღარ შეცვლიან საერთაშორისო აზრს.

არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, NATO-ს ასამბლეის განცხადება, ევროსაბჭოს რეზოლუციები, ეუთო-ს დასკვნა - ამ ყველა დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან, ყრიან ციხეებში. არსებობს რეალობა, რომელზეც თქვა საბერძნეთის სასამართლომ, რომ ახალაიაზე არის პოლიტიკური დევნა; არსებობს რეალობა, როდესაც საფრანგეთის სასამართლომ უარი თქვა კეზერაშვილის ექსტრადიციაზე; არსებობს რეალობა, როდესაც ისე მოხსნეს ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან, რომ, როგორც პროკურატურა აცხადებს, მათ არც კი შეატყობინეს და არც ჰკითხეს არაფერი; და რეალობაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერპოლით ძებნა საერთოდ არ განიხილება და ამაზე საერთოდ უარი მიიღო საქართველოს მთავრობამ.

ამიტომ, რას დაწერენ ეს დაქირავებული პროკურორები, რომლებსაც ჩვენი თანხებით ბიუჯეტიდან ვინახავთ, არ აქვს მნიშვნელობა. ისინი ბიძინა ივანიშვილმა იქირავა თავისი შავბნელი საქმეების "გასაპრავებლად" და ეჭვი გვაქვს, რომ მათი შენახვა კიდევ უფრო ძვირი ჯდება, რადგან ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი სახელფასო ანაზღაურების შესახებ დოკუმენტი და არ ვიცით, რა ჯდება მათი ფრენები და მათი აქ ცხოვრების ხარჯები როგორია.

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს მასკარადი. თუ მაინცდამაინც უნდა, რომ ამ პროკურორებმა მისთვის სასურველი დასკვნა დადონ, ეს გააკეთოს საკუთარი თანხებით და არა ჩვენი, გადამხდელების, ფულით.

გვქონდა სურვილი, შევხვედროდით ამ ადამიანებს და მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, მოეწოდებინა მათი რეკვიზიტები, რომ ყოფილიყო შესაძლებელი მათთან შეხვედრა, გვინდოდა აგვეხსნა, რომ მათ იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს, მაგრამ პროკურატურამ არ მოგვცა მათი მონაცემები. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ამ პროკურორებს, ნუ გამოაყენებინებენ თავს საქართველოს მთავრობას და საკუთარი ხელფასის ფასად ნუ დადებენ არაობიექტურ დასკვნას, იმიტომ, რომ მათი დასკვნა აღარაფერს შეცვლის - საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა და საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები", - თქვა ნადირაშვილმა ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ მოწვეული პროკურორები ბოლო დასკვნაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, რეკომენდაციას აძლევდნენ საქართველოს მთავარ პროკურორს, განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

კომენტარები