კახაბერ ნაკანი

ფირცხალავა დაკავებულ კოლეგებს მოუწოდებს, უკიდურესი პროტესტისგან თავი შეიკავონ

თეორემა/ტაბულა

კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ე. წ. კორტების საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა კახა ნაკანს და ამ საქმეზე დაკავებულ სხვა ყოფილ პოლიციელებს მოუწოდებს, უკიდურესი პროტესტის გამოვლინებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ნათქვამია ფირცხალავას განცხადებაში, რომელსაც სამართალდამცავთა დაცვის ლიგა ავრცელებს.

„გახსოვდეთ, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო და რჩება, ბრძოლა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მოწინააღმდეგეა დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელშიც გაერთიანებული არიან კრიმინალური ავტორიტეტები, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, მთავრობის კაბინეტის წევრები და მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებების უპირობო აღმსრულებლები და საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელმაც აქამდე გაუგონარი, კრიმინალური ქმედება, სისხლის სამართლის საქმეში „მოწმეების ჩადება" განახორციელა.

მიუხედავად ამ მძიმე ზეწოლისა, მსურს მოგიწოდოთ აღიჭურვოთ მოთმინებით, ნუ აუხდენთ ოცნებას ამ „პატარა კაცუნებს". ჩვენ, არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან, ზუსტად ამ პრინციპის გამო ჩვენ ჩავბარდით მართლმსაჯულებას და უდანაშაულობის დაგიმტკიცებთ სასამართლო პროცესზე!

მინდა ყველა დავარწმუნოთ, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა სასამართლო სისტემასა და მოწმეებზე, ჩვენ და ჩვენმა ადვოკატებმა უკვე მოვიძიეთ ის მტკიცებულებები, რომელიც არათუ ამტკიცებს ჩვენს უდანაშაულობას, არამედ, ამხელს კრიმინალური სინდიკატის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს გამოძიების მიმდინარეობის დროს.

ყოველთვის გახსოვდეთ, სახლში გელოდებიან მშობლები, შვილები, მეუღლეები, რომლებიც გმირულად იტანენ ჩვენთან დროებით განშორებას და ჩვენი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმები უარყოფითად აისახება მათ, ისედაც დათრგუნულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენი საქმე სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ უსამართლო ბრძოლაში", - ნათქვამია ირაკლი ფირცხალავას განცხადებაში.

შეგახსენებთ, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახაბერ ნაკანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. იგი გლდანის #8 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვდა. 

სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ნაკანი, ექვსი სპეცრაზმელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები