ე.წ კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო განხილვა 6 მაისამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო განხილვა 6 მაისამდე გადაიდო. დაცვის მხარემ თავისი მტკიცებულებები წარმოადგინა და შუამდგომლობები დააყენა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას 6 მაისს გამოიტანს. ამის შემდეგ კი ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დააყენებენ შუამდგომლობას.

დაცვის და ბრალდების მხარის ურთიერთბრალდებები, რომ მეორე მხარეს უკანონოდ აქვს მოპოვებული მტკიცებულებები, გრძელდება. დღევანდელი წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისუფალი დემოკრატებიც იმყოფებოდნენ. ირაკლი ალასანია კვლავ საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. მისი თქმით, ის თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სილქნეტს გადაუხადა, თავიდანვე გათვალისწინებული და პრემიერთან შეთანხმებული იყო.

"ძალიან ბევრი ტყუილ-მართალია ამ საქმის ირგვლივ აგორებული და მათ შორის იგივე, რომ პრემიერმინისტრმა თითქოს არ იცოდა, თუ რისთვის იყო ეს თანხა გამოყოფილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მალე, სწორედ ეს და სხვა სიცრუეც გამოვლინდება და ნათელი გახდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანხა მთავრობასთან და პრემიერთან შეთანხმებით, კონკრეტულად ამ პროექტის განსახორციელებლად იყო გამოყოფილი. ასე რომ, ეს არის ის ობიექტური გარემოებები, რაც მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს", - თქვა ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები