ე.წ კაბელების საქმე

პროკურატურა განმარტავს, რა ღვაწლისთვის გადაეცა აღლემაშვილს პრეზიდენტის ღირსების ორდენი

საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტის მიერ 4 პროკურორისთვის, მათ შორის ე.წ კაბელების საქმის მთავარი პროკურორის, ნინო აღლემაშვილისთვის, ღირსების ორდენის გადაცემაზე დამატებით განმარტებას ავრცელებს. 

ღირსების ორდენით პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 4 პროკურორი 30 მაისს პროკურორის პროფესიულ დღეზე გადასცა. 

პროკურატურის განცხადებით, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით უწყება განმარტავს, რომ 30 მაისს პრეზიდენტმა "პროკურორები გენერალური პროკურორის წარდგინებით, 2018-19 წლებში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოვა". ღირსების ორდენები გიორგი გოგაძეს, ნინო აღლემაშვილს, რევაზ ბაღაშვილსა და ფრიდონ ქარცივაძეს გადაეცათ. 

პროკურატურის განცხადებაში უწყება თითოეული პროკურორის ბოლო 2 წლის დამსახურებებს მიმოიხილავს. მაგალითად, ნინო აღლემაშვილზე უწყება წერს: 

"ნინო აღლემაშვილი საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობაზე, ასევე უშუალოდ მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვისას.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინიციატივით და ნინო აღლემაშვილის უშუალო ჩართულობით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით, მოამზადა ინსტრუქციები მოსამართლეებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებზე გამოსაყენებელი კანონის განმარტებების შესახებ. 

აღსანიშნავია ნინო აღლემაშვილის მხრიდან სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად მხარდაჭერა ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე, რომელსაც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის გამო, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოება, რომ პროცესს მოჰყვა დადებითი გამოხმაურება ცალკეული ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოში აშშ-ის საელჩოს და  საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან,"- წერია განცხადებაში. 

ე.წ კაბელების საქმის მთავარ პროკურორს, ნინო აღლემაშვილს, ღირსების ორდენი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 30 მაისს გადასცა. 

2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.

ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავისუფალი დემოკრატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული.

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 2017 წლის 27 იანვარს შეიწყალა. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, საქმე აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე. მსჯავრდებულებმა საპატიმრო იმავე დღესვე დატოვეს. 

შეწყალებამდე ერთი დღით ადრე, 26 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. როგორც მათი ადვოკატი, ლევან სამუშია, ამბობდა, დაკავებულები 2 თვეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

მაშინ საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი, რომელიც პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ამბობდა, რომ ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებდა.

კომენტარები