ე.წ. კაბელების საქმე

ცქიტიშვილი კაბელების საქმეზე: მთავრობამ გამოყო თანხა, თუმცა, არ იცოდა დეტალები

ტაბულა

ე.წ კაბელების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას მთავრობის კანცელარიაში გამოეხმაურნენ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ 2013 წლის 26 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტმა განიხილა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხი და პრემიერმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა ის არ ფლობდა ინფორმაციას დეტალების თაობაზე.

"მთავრობამ 2013 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე თავაცვის სამინისტროსთვის ოპტიკური ხაზისა და მის შემოსაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის თანხა გამოყო. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის სხდომის ფორმატში ჩვენ ვერ განვიხილავდით ყელა იმ დეტალს, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა. ეს იყო უბრალოდ დასაბუთებული ბატონი ირაკლის მიერ, რომ ეს თანხა იყო საჭირო თავდაცვის სამინისტროსთვის. დანარჩენი სხვა დეტალები მთავრობის ფორმატში განხილული ვერ იქნებოდა. სხვა საკითხები - ვისთან უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, როგორ უნდა გაფორმებულიყო, რა ტექნიკურ პარამეტრებს მოიცავდა, რა თქმა უნდა, განხილული არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან ასეთ დეტალებზე პასუხისმგებელია უშუალოდ ინიციატორი უწყება. ჩვენ ამას გვეუბნება მთავრობის რეგლამენტიც", - თქვა ცქიტიშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სილქნეტს გადაუხადა, თავიდანვე გათვალისწინებული და პრემიერთან შეთანხმებული იყო.

"ძალიან ბევრი ტყუილ-მართალია ამ საქმის ირგვლივ აგორებული და მათ შორის იგივე, რომ პრემიერმინისტრმა თითქოს არ იცოდა, თუ რისთვის იყო ეს თანხა გამოყოფილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მალე, სწორედ ეს და სხვა სიცრუეც გამოვლინდება და ნათელი გახდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანხა მთავრობასთან და პრემიერთან შეთანხმებით, კონკრეტულად ამ პროექტის განსახორციელებლად იყო გამოყოფილი. ასე რომ, ეს არის ის ობიექტური გარემოებები, რაც მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს", - თქვა ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები