სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: გარემოს დაცვის მინისტრი ბიძინა გიორგობიანი არ იქნება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა არ განიხილება. პრემიერი უწყების ახალ ხელმძღვანელს უახლოეს დღეებში დაასახელებს. 

"ბატონი ელგუჯა არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური და უწესიერესი ადამიანი. მართლა გული დამწყდა, რომ ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ჰქონდა საპატიო მიზეზი – მისი ოჯახი გერმანიაში ცხოვრობს. ვინაიდან ოჯახი ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია, ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა. მინდა, ბატონ ელგუჯას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მას უახლოეს დღეებში დავასახელებ. ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა არ განიხილება", – თქვა პრემიერმინისტრმა.

ელგუჯა ხოკრიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ოჯახი დაასახელა.

ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას 2014 წლის ივნისიდან იკავებდა. ამ პოსტზე მან ხათუნა გოგალაძე შეცვალა. 2014 წლის აპრილიდან ივნისამდე კი, ხოკრიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.
 

ბოლო ერთ კვირაში ელგუჯა ხოკრიშვილი უკვე მეორე მინისტრია, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. მანამდე დავით შავლიაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯამში, ხოკრიშვილი რიგით მეექვსე მინისტრია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას დატოვებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 7 მინისტრი შეიცვლება, პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გარემოს დაცვის მინისტრამდე მთავრობაში თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ევროინტეგრაციის, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის უწყების ხელმძღვანელები შეიცვალნენ.

კომენტარები