სამთავრობო ცვლილებები

ხაბარელი: ყიფიანის განცხადებები უადგილოა, ჯობს, წასვლის მიზეზებზე ილაპარაკოს

ტაბულა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის შეფასებით, ლევან ყიფიანი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. როგორც მან აღნიშნა, ჯობს, ყიფიანმა წასვლის მიზეზებზე ილაპარაკოს. ხაბარელის თქმით, სპორტის კომიტეტმა ყოფილ მინისტრთან მიმართებით სწორი დასკვნა დადო. 

"ყიფიანი ჩვეულ გამოსვლებს არ ღალატობს. ის, ერთი მხრივ, აკეთებს განცხადებას - „რომ არ მოხდეს პოლიტიკური დაპირისპირება და არ მოხდეს კიდევ უფრო სიღრმეში შესვლა, ამიტომ ვტოვებ თანამდებობას“, მაგრამ მეორე მხრივ, ის პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს. რასაც მოგვიწოდებს ჩვენ, ჯობს, თავის თავში ეძებოს. წასვლის მიზეზებზე ილაპარაკოს და არა იმ წარმატებებზე, რომელზეც ის ამახვილებს ყურადღებას. ფაქტობრივად ის, რაც დღეს მან გამოსვლაში ისაუბრა, ფედერაციის პრეროგატივაა. ჩვენ რაზეც გვქონდა პრეტენზიები, მან ამაზე არცერთი სიტყვა არ თქვა. ასე რომ, თავის თავში ეძებოს და პოლიტიკურად ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ის ახლა, გადადგომის შემდეგაც პირდაპირ უპირისპირდება სპორტის კომიტეტს, რომელმაც მართებული, სწორი დასკვნა დადო. ეს შედეგი რომ დადგა, მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი იყო. ჩემთვის არ არის ცნობილი, თუ როდის მიმართა პრემიერს, მაგრამ პირადი დაპირისპირება აქ გამორიცხულია. მე ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი, რომ შეიძლება ადამიანს ერთ ან ორ ადამიანთან ჰქონდეს პირადი დაპირისპირება, მაგრამ არა 30-თან და კიდევ უფრო მეტთან. ეს არ არის უკვე პირადი დაპირისპირება და თუ პირადია, ეს მისთვის უფრო ცუდია. ლევან ყიფიანის ასეთი განცხადებები უადგილოა და ნამდვილად არ არის სწორი. მე არ ვიცი, ის რას ფიქრობს, ჩვენ როგორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. პარლამენტიდან წავიდეთ და მანდატები დავტოვოთ? ის ფიქრობს, რომ ეს არის სწორი და სახელმწიფოებრივად აზროვნება? ის დასკვნები, რაც ჩვენ დავდეთ, ზუსტად ესადაგებოდა მის გადადგომას და მან ეს გააკეთა. პარლამენტის მიმართ რა პრეტენზიები აქვს, მე არ ვიცი და როგორ უნდა გააკეთოს ეს... თერთმეტივე დეპუტატი გადავდგეთ? არაადეკვატური განცხადებებია, ამას მე მეტ შეფასებას ვერ მივცემ", - თქვა ხაბარელმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან დაპირისპირება დაასახალა. როგორც ყფიიანმა აღნიშნა, "მათგან განსხვავებით, მე სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. მივმართავ, ასევე მოიქცნენ ეს ადამიანები და ნუ გაცვლიან სამშობლოს პირად ინტერესებზე".

კომენტარები