გიორგი ლორიას ტრანსფერი

gazzeta.gr: გიორგი ლორია ოლიმპიაკოსში ითამაშებს

gazzeta.gr

გიორგი ლორიამ ოლიმპიაკოსთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა gazzeta.gr ავრცელებს. საქართველოს ნაკრების მეკარემ ოფი-ში გატარებული კარგი სეზონით, სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო და ბერძნულ პრესაში მისი მომავალი კლუბის შესახებაც არაერთი ვარაუდი გამოითქვა.

სულ ბოლოს, დაიწერა რომ ლორიას გადაბირებით კიდევ ერთი ბერძნული გრანდი, პაოკი იყო დაინტერესებული. საბოლოოდ, gazzeta.gr-ს ცნობით, მეკარე ათენში ჩავიდა, სადაც ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც წელიწადში 450 000 ევროს მიიღებს.

გამოცემის მტკიცებით, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სურვილის შემთხვევაში ორი წლის შემდეგ, ხელშეკრულება შესაძლებელია ერთი წლითაც გაგრძელდეს. gazzeta.gr ვარაუდობს, რომ ოლიმპიაკოსის ხელმძღვანელობა ლორიას გუნდში ჩარიცხვას ოფიციალურად, უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიაკოსი საბერძნეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. მიმდინარე სეზონში, 19 აპრილს კლუბმა ნაადრევად იზეიმა 42-ე ჩემპიონის ტიტული.

გუნდის ძირითადი მეკარე ესპანელი რობერტო ხიმენესია, მისი შემცვლელი უნგრელი ბალაშ მეგიერი კი ოლიმპიაკოსში დარჩენას აღარ აპირებს და შესაბამისად, კონტრაქტს, რომელიც ზაფხულში უმთავრდება, არ გააგრძელებს.

ლორიას ხიმენესთან ძირითადში ადგილის დასაკავებლად დიდი ბრძოლა მოუწევს. მაგალითისთვის, მიმდინარე სეზონში მეგიერმა მხოლოდ ოთხ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები