17 მაისი

პრემიერი დღევანდელ აქციებზე: დავამტკიცეთ, რომ გამორჩეული ერი ვართ

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ დღეს გამართულმა აქციებმა აჩვენა, რომ "ჩვენ ვართ ღირსეული, გამორჩეული ერი და ცივილიზებული სახელმწიფო". პრემიერის თქმით, ყველაფერი მშვიდად და დემოკრატიულად ჩატარდა. მან ღონისძიებების ორგანიზატორებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება“, - განაცხადა პრემიერმა.

თბილისში, ჰომოფობია და ტრანსფობია დღეს სამ ადგილას გააპროტესტეს. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა 15 წუთიანი აქცია ვაჩნაძის ქუჩაზე გამართა. ასევე, ორგანიზაცია ლგბტ საქართველომ ჰომოფობია დაგმო იუსტიციის სამინისტროსთან. მრგვალ ბაღში კი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეკრებილებს 2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო. აღსანიშნავია, რომ აქციების ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ საჯაროდ დაანონსებული არ ყოფილა. ორგანიზატორებმა მედიას და შეხვედრის მონაწილეებს რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს, სად იგეგმებოდა შეკრება.

კომენტარები