რიგის სამიტი

სტრაუიუმა: საქართველომ ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა, მომავალ წელს მიიღოს

ლაიმდოტა სტრაუიუმა
Eastern Partnership Summit

ლატვიის პრემიერმინისტრის ლაიმდოტა სტრაუიუმას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა წლის ბოლოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიისგან პოზიტიურ შეფასებას მიიღებენ, მომავალი წლის დასაწყისში შეიძლება, მიიღონ ვიზალიბერალიზაცია. ამის შესახებ მან რიგის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"როგორც აღვნიშნე, საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ, რომ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები და მოთხოვნები. თუ წლის ბოლოსთვის ევროკომისია პოზიტიურ ანგარიშს წარადგენს, შესაძლოა, მიიღონ მათ თავისუფალი სავიზო რეჟიმი. ამას სჭირდება კიდევ ერთი პოზიტიური შეფასება და მომდევნო წლის დასაწყისში საქართველოს შეეძლება, მიიღოს ვიზალიბერალიზაცია", - თქვა სტრაუიუმამ.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით კი, საქართველოს და უკრაინას მეტი პროგრესი სჭირდებათ. მისი თქმით, ევროკომისია საბოლოო ანგარიშს 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით კი, ვიზალიბერალიზაციის მიღებას სჭირდება ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის თანხმობა. მისივე განცხადებით, "უკრაინა და საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან ყველაზე ახლოს არიან. საქართველოზე და უკრაინაზეა დამოკიდებული, რომ საჭირო ნაბიჯები გადადგან. რიგის სამიტზე არ გადაიდგმება გიგანტური ნაბიჯები, ჩვენი პარტნიორობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ".

კომენტარები