ადგილობრივი თვითმმართველობა

თელავის მერიამ კახური ქუდის კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება დააფინანსა

არასამთავრობო ორგანიზაციამ მემკვიდრეობა მომავლისათვის, თელავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის პროქტის განახორციელა.

knews.ge-ს ცნობით, პროექტის შედეგების წარდგენისას ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ პროექტი სამ ეტაპს მოიცავდა და ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

პირველ ეტაპზე თელავის კულტურისა და ტურიზმის სამსახურების თანამშრომლებს, ასევე დაინტერესებულ პირებს, ჩაუტარდათ ტრენინგები, რომლის მიზანიც იყო „ფოკუს ჯგუფისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, ფიქსაციისა და პოპულარიზაციის უნარების ჩამოყალიბება".

მეორე ეტაპზე ორგანიზაციამ განახორციელა საველე სამუშაოები. სამუშაოების შედეგად აღრიცხული და დოკუმენტირებული იქნა 10 არამატერიალური კულტურის ელემენტი, მათ შორის: ტრადიციული კახური სამზარეულოს კერძების დამზადების ტექნოლოგიები, ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგია და კულტურა, კახური შოთის ცხობის ტექნოლოგია, კახური ქუდის დამზადების ტექნოლოგია, თამადობის ტრადიცია, კირის გამოწვის ტრადიციული მეთოდი, მეთუნეობის ტრადიცია სოფელ ვარდისუბანში და სახლთანგელოზობის ტრადიცია კახეთში.

მესამე ეტაპზე ორგანიზაციამ მოახდინა „მოძიებული მასალის დოკუმენტირება და სააღრიცხვო ბარათებში გადატანა. ელემენტები თელავის მერიის კულტურის სამსახურთან შეთანხმებით, ეტაპობრივად გადაეცემა შესაბამის სამსახურს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურის გასავლელად".

ორგანიზაციის წარმომადგენლს თქმით, ამ ეტაპზე ორი ელემენტია შერჩეული - კახური ქუდის დამზადების ტექნოლოგია და ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგია და კულტურა.

კომენტარები