მაღალი პრემიები

ენმ: 2014 წელს, 16 სამინისტროში პრემიებსა და დანამატებზე 48 მლნ ლარი დაიხარჯა

ლევან თარხნიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, 2014 წლის განმავლობაში 16 სამინისტროში გაიცა 48 მილიონი ლარი პრემიების და დანამატების სახით. მისი ინფორმაციით, თანხის მნიშვნელოვანი წილი მოდის მინისტრებზე, მათ მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე. თარხნიშვილის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თანამდებობის პირები მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით არიან დაკავებულები. ენმ-ის წევრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებმა პარტიას პრემიების შესახებ მონაცემები არ მიაწოდეს.

"ენმ აგრძელებს მონიტორინგს, რომელიც ეხება დანამატებსა და პრემიებს. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია ყველა სამინისტროდან და შეგვიძლია, დღეს შევაჯამოთ 2014 წლის მონაცემები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად ამისთვის ჩამოყვანილი იყო უცხოეული ექსპერტები და სპეციალურად ამისთვის მთავრობამ მიიღო არაერთი დადგენილება, პრემიები მაინც გაიცემა. 2014 წლის განმავლობაში 16-მა სამინისტრომ, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, ამ 16 სამინისტროში გაიცა 48 მილიონი ლარი პრემია, დანამატი, დახმარება და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაში არ შედის მონაცემები თვიური ანაზღაურების შესახებ. მეორე, რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ და რაც არის ასევე მნიშვნელოვანი, ამ თანხმების ლომის წილი მოდის თანამდებობის პირებზე, ანუ მინისტრებზე, მათ მოადგილეებზე და დეპარტამენტის უფროსებზე. დღევანდელი მონაცემებით, ამ 16 სამინისტროში 75 პირზე (მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა) გაიცა ორ მილიონ ნახევარზე მეტი ლარი პრემიების სახით, ანუ მარტივი გაანგარიშებით, თითოეული მათგანი თვეში იღებდა 2800-ზე მეტ ლარს, მხოლოდ პრემიის სახით. დეპარტამენტის უფროსებმა (182 პირი), ასევე მიიღეს 2 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი, ასევე მარტივი გაანგარიშებით, თითოეული მათგანი თვეში პრემიის სახით იღებდა 1152 ლარს. ასევე მარტივი დაანგარიშებით, თითოეული რიგითი თანამშრომელი იღებდა მხოლოდ 57 ლარს საშუალოდ, ანუ შეგვიძლია შევადაროთ - თითქმის 3000 ლარი პრემია მინისტრებისთვის და მათი მოადგილეებისთვის, 1200 ლარი პრემია დეპარტამენტის უფროსებისთვის და მხოლოდ 57 ლარი რიგითი თანამშრომლებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკაში ასეთი მძლავრი კრიზისია, როდესაც ქვეყანას უჭირს, თანამდებობების პირები მხოლოდ საკუთარი ფუფუნებითა და საკუთარი ჯიბის ინტერესების გადაწყვეტით არიან დაკავებული", - განაცხადა თარხნიშვილმა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ერთ თვეში აიღო 6550 ლარი პრემიის სახით, ხოლო ხელფასის ჩათვლით - 12 500 ლარი.

"მეორე ასეთი ლიდერი არის ბატონი არჩილ თალაკვაძე. როდესაც ის გახდა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ყოველთვიურად იღებდა 5440 ლარს პრემიას და ერთ-ერთ თვეში, მაგალითად, ჯამში აიღო 8160 ლარი. სამწუხაროდ, შსს-მ, როგორც ყოველთვის, არ მოგვაწოდა ინფორმაცია და ჩვენ არ ვიცით, ბატონი თალაკვაძე, დღეს უკვე შსს-ს მინისტრის მოადგილის რანგში, რამხელა თანხებს იღებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთლიანად სურათიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ სამმა სამინისტრომ, ესაა იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, უბრალოდ არ მოგვაწოდა მონაცემები, დაახლოებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ ინსტანციებში, განსაკუთრებით შსს-ში, რომელიც უბრალოდ დახურულ ორგანიზაციად იქცა და საერთოდ არ იძლევა მონაცემებს", - თქვა თარხნიშვილმა.

კომენტარები