ტაბულას ლიცენზიები

შესაძლოა, მარეგულირებელმა ტაბულას ლიცენზიების გაყიდვის უფლება არ მისცეს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

შესაძლოა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ ტაბულას ლიცენზიების გაყიდვის უფლება არ მისცეს.

ტელეკომპანია ტაბულამ ლიცენზიების გადაცემისთვის აუცილებელი თანხმობის მოსაპოვებლად კომუნიკაციების ეროვნული კომისიას მიმართა. კომისიის თანამშრომლებთან წინასწარი კომუნიკაციის ეტაპზე გაირკვა, რომ კომისიას წინასწარი განწყობა აქვს და უარის თქმას აპირებს. უარის თქმის საბაბად კი რეტრანსლირებას(ტაბულას მიერ, ერთ-ერთი სხვა არხის სიგნალის რეტრანსლირებას) დაასახელებს.

ტაბულას ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, რეტრანსლაცია დიდი ხანია, ხორციელდება და აქამდე არანაირი გაფრთხილება არ განხორციელებულა და სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არ დაფიქსირებულა. რეტრანსლირება დაშვებულია საქართველოს კანონით "მაუწყებლობის შესახებ“ და მაუწყებლის საქმიანობის სრულიად კანონიერი გზაა.

"კანონით ლიცენზიის პირობის დარღვევა (რომც დაგვერღვია) არ არის გადაპირების ხელის შემშლელი გარემოება. მითუმეტეს, რომ კომისიას არც კი გავუფრთხილებივართ, რომ ლიცენზიის პირობებს ვარღვევთ, ანუ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეს. ოპოზიციურ ტელევიზიას ლიცენზიის პირობების დარღვევად უთვლიან იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია და მრავალი სხვა მაუწყებელი აკეთებს.“ - განაცხადა ჩერგეოლეიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილება მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, პირდაპირ იქნება განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება.

ტაბულას ხელმძღვანელმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ აბაშიძეს დღეს წერილით მიმართა.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო ვახტანგ,

როგორც თქვენთვის ცნობილია, ა(ა)იპ "სამოქალაქო განათების ფონდმა" მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ლიცენზიის გადაცემის შესახებ თანხმობის მისაღებად.
როგორც ზეპირი სხდომის გამართვამდე განხორციელებული კომუნიკაციის შედეგად ირკვევა, კომისია წინასწარ არის განწყობილი მოთხოვნაზე უარის გაცხადებისთვის, რისთვისაც სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნას დაეყრდნობა.

აუცილებლად მიგვაჩნია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებზე დაყრდნობითაც კომისია გეგმავს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ა(ა)იპ "სამოქალაქო განათლების ფონდი" ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს, კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის უფლებასაც იძლევა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც კრძალავს გარკვეული (არაქართული) მაუწყებლების ტრანსლირებას და უშვებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული მაუწყებლების სიგნალის გადაცემას. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ტაბულა" ამ სიგნალს გადასცემდა საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით და, გაუგებარია, რას შეიძლება დაეყრდნოს თეზისი, რომ ეს არ არის "ტაბულას" მაუწყებლობა.

რა თქმა უნდა, ა(ა)იპ "სამოქალაქო განათლების ფონდს" აქვს სალიცენზიო ვალდებულება, განახორციელოს მაუწყებლობა გარკვეული მინიმალური ხანგრძლივობით და მაუწყებელი ამ ვალდებულებას კეთილსინდისიერად ასრულებს ერთ-ერთი, კანონით აუკრძალავი გზით.

ამავე გზით (მაუწყებლობის ტრანზიტი) ახორციელებს მაუწყებლობას ტელეკომპანია "GDS", "სტერეო"-ს სიხშირული რესურსის გამოყენებით, ასევე, რამდენიმე სხვა მაუწყებელიც, თუმცა, არასდროს არ დამდგარა ამ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი.

ბუნებრივია, საკითხისადმი მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ვერ იქნება გამართლებული.

ამასთან, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ საკითხს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც, კომისიას ქონდა ვალდებულება, განეხორციელებინა მონიტორინგი და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიეცა შესაბამისი მითითება მაუწყებლისთვის, რასაც მოყვებოდა შესაბამისი ნაბიჯები ტელეკომპანიის მხრიდან.

გაუგებარია, თუ ამ ხნის განმავლობაში, კომისიის აზრით, ირღვეოდა სალიცენზიო პირობები, რატომ არ შეასრულა მან კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გააფრთხილა მაუწყებელი. შეიძლება დავასკვნათ, რომ ან სამართალდარღვევას არ ქონია ადგილი, ან კომისიამ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა.

ვინაიდან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომისია ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობს ა(ა)იპ "სამოქალაქო განათლების ფონდისთვის" ზიანის მიყენებას.
შეიძლება ითქვას, აღნიშნული ფაქტის შეფასება კომისიის მიერ, როგორც ლიცენზიის პირობების დარღვევა, იქნება არა მხოლოდ კანონის შემადგენლობის გაფართოება, არამედ პოლიტიკური დისკრიმინაციის თვალსაჩინო მაგალითი, რადგან ტელეკომპანია "ტაბულა", დღეისთვის, დომინანტი პოლიტიკური ძალისთვის არასასურველ ორგანიზაციას წარმოადგენს.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როცა ა(ა)იპ "სამოქალაქო განათლების ფონდმა" ლიცენზიების მოდიფიცირება განახორციელა, გაიარა წინასწარი კონსულტაცია კომისიის წევრებთან, რა დროსაც, მკაფიოდ ითქვა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტი არ შეუშლიდა ხელს ლიცენზიების შემდგომ თავისუფალ განკარგვას. ბუნებრივია, კომისიის ამ პოზიციის მიმართ მაუწყებელს გააჩნდა კანონიერი ნდობა და სწორედ მასზე დაყრდნობით დაგეგმა განვითარების შემდგომი პოლიტიკა.

კომისიის პოზიციის ასეთი სწრაფი და უსაფუძვლო ცვლილება კი აზიანებს როგორც კონკრეტული მაუწყებლის, ასევე სამაუწყებლო სფეროსა და თავად კომისიის ინტერესებს, რადგან კომისიისადმი ნდობა და სტაბილურობის განცდა ის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც სამაუწყებლო საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად შეიძლება ჩავთვალოთ.

ლიცენზიის გადაცემა, როგორ კომისიისთვის ცნობილია, ხორციელდება კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადების გზით, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ფინანსური რესურსების მობილიზაციას და თბილისის ფარგლებში სრულფასოვანი მაუწყებლობის განხორციელებას, რათა, მაუწყებელმა უფრო ეფექტურად შეძლოს ალტერნატიული აზრის მიწოდება საზოგადოებისთვის.

კომისიის გადაწყვეტილება კი, მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, პირდაპირ იქნება განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება.

თავისთავად, თავისუფალი მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა კი ის არის, რის წინააღმდეგ ბრძოლაც კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა.

იმედს ვიტოვებთ, კომისია შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

პატივისცემით,

განმცხადებელია(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდი

დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი" - ნათქვამია წერილში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია (ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდის (ტელეკომპანია „ტაბულა") ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. კომისიის პასუხის თანახმად, არანაირი გადაწყვეტილება, ტაბულას კუთვნილი ლიცენზიების რუსთავი 2-ისთვის გადაცემის ნებართვის თაობაზე ჯერჯერობით მიღებული არ არის და კომისიის აპარატის თანამშრომელთა ზეპირი განცხადებები არ შეიძლება, კომისიის ოფიციალურ პოზიციად ჩაითვალოს.

"ტელეკომპანია „ტაბულამ" „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას NB91 და NB99 ლიცენზიების ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისთვის გადაცემის თაობაზე წინასწარი თანხმობის თხოვნით 2015 წლის 13 მაისს მომართა. კომისიას ტელეკომპანია „ტაბულასთვის" ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ინფორმაციის მოთხოვნით, ან რაიმე პოზიციის დაფიქსირების უზრუნველსაყოფად დამატებით არ მიუმართავს. კანონით განსაზღვრული ვადა ლიცენზიების გადაპირების თაობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ გასული არ არის, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად კომისიას საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად ერთვიანი ვადა აქვს განსაზღვრული", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები