ნედლეული

OPEC-მა მოპოვება არ შეამცირა, რის გამოც ნავთობის ფასი დღეს კიდევ შემცირდა

Sofia Ordonez / CNN

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC-მა) ვენაში დღეს გამართულ მინისტერიალზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნავთობის ფასების 40%-იანი შემცირების მიუხედავად ნავთობის მოპოვება უცვლელად, დღეში 30 მილიონ ბარელზე დატოვოს. OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის მომპოვებელი ყველა ქვეყნისთვის სიგნალი იყო, რომ ფასები უახლოეს მომავალში არ გაიზრდება.OPEC-ის გადაწყვეტილების გამოხცადებისთანავე ბირჟებზე ნედლი ნავთობის (WTI) ფასი საშუალოდ 3%-ით $58-მდე შემცირდა. OPEC-ის გადაწყვეტილება მსოფლიოს ერთი მილიარდი ავტომფლობელისთვის კარგ სიახლეს წარმოადგენს. 

OPEC-ი ნავთობის ექსპორტიორი 12 ქვეყნის გაერთიანებაა, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს ნავთობის ბაზრის 40%-ზე მეტს აკონტროლებს, ორგანიზაცია ბაზარს ყოველდღიურად 30 მილიონ ბარელ ნავთობს აწვდის. ნავთობის ფასის შემცირების პირველი ნიშნები გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებიზ ზრდას მოყვა, რის შემდეგაც OPEC-მა საკუთარი მოპოვების გაზრდა გადაწყვიტა. 

The New York Times-ის ცნობით გასული წლების მანძილზე OPEC-ი უფრო მსხვილი მოთამაშე იყო, რადგანაც მასზე ნავთობის ბაზრის 60% მოდიოდა. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ალ ნაიამის თქმით ის რომ ნავთობის ფასი შემცირებულია არ ნიშნავს, რომ ორგანიზაციამ მოპოვება უნდა შეამციროს. ნაიამის შეფასებით ის რასაც სახელმწიფოებმა უნდა შეხედონ არის ბაზარზე ნავთობის მიმწოდებლებს შორის ბალანსი, რომელიც წლების მანძილზე OPEC-ის საწინააღმდეგოდ მცირდებოდა. მოპოვების ზრდამ კი ორგანიზაციას საერთაშორისო გავლენა გაზარდა. 

ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგალითად, რუსეთში, ირანსა და ვენესუელაში მისი მოპოვება შედარებით უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე საუდის არაბეთსა და ქუვეითში. ნავთობის ძვირადღირებული მომპოვებლებისთვის ფასების შეიცრება საბიუჯეტო პრობლემებსა და ფინანსურ კრიზისს ნიშნავს. საბიუჯეტო შემოდინებების შემცირების გამო ვენესუელაში ფინანსური კრიზისი გაღრმავდა, ვენესუელის ინფლაციამ წელს უკვე 500%-ს გადააჭარბა, რაც სრულ ფინანსურ კრახს წარმოადგენს.

ნავთობის მოპოვების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება OPEC-მა 2014 წლის 27 ნოემბრს მიიღო, მას შემდეგ იანვარში ნავთობის ფასები ექვსი წლის მინიმუმზე $45-ზე დავიდა. მას შემდეგ ნავთობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც ახლო აღმოსავლეთში ISIS-ის საფრთხის ზრდას უკავშირდება. 

კომენტარები