ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

პრემიერი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. მისი თქმით, მიუღებელია, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი, ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და, რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია, ძალიან მალე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს, 12:00-ზე ჩანიშნა. საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობაც ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, ბრალდებულმა შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

კომენტარები