გიორგი ოქროპირიძე

საია ოქროპირიძის საქმეზე: პრემიერმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია

0 კომენტარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, გიორგი ოქროპირიძის საქმეზე პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება და შემდგომ პროკურატურის მიერ ახალი ბრალის წარდგენა, უწყების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. ორგანიზაცია თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ოქროპირიძის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

"საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც კონკრეტულ პირს ბრალი აქვს წაყენებული, პრემიერმა განაცხადა: "რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ." აღნიშნული განცხადებით პრემიერმა დაარღვია გიორგი ოქროპირიძის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ პრემიერის განცხადებას უმალვე მოჰყვა პროკურატურის მხრიდან ოქროპირიძისათვის ახალი ბრალის წაყენება ცრუ დასმენის მოტივით, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს გ.ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ოქროპირიძეს სხვა საქმესთან დაკავშირებით შეფარდებული პატიმრობის ვადა 11 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ეჭვს იწვევს ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე ახალი ბრალის წაყენება და მის საფუძველზე პატიმრობის კვლავ შეფარდების მოთხოვნის დაყენება პროკურატურის მხრიდან. ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაიწლის "ა" ქვეპუნქტით, რაც წარმოადგენს ცრუ დასმენას ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარების თხოვნით არაერთი პატიმარი მომართავს მათ მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არადამიანიურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რაზედაც პროკურატურა თითქმის ყველა საქმეზე გამოძიებას იწყებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება); მოცემულ შემთხვევაში კი განსხვავებული მიდგომა დაფიქსირდა და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 1443 მუხლით (დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა). დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავებული მიდგომები აძლიერებს ეჭვებს პროკურატურის მოქმედების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ მოქმედებას ოქროპირიძის პატიმრობაში დატოვების მიზნით. მართალია, პროცესუალურად პროკურატურას აქვს უფლება, ახალი ბრალის საფუძველზე კვლავ მოითხოვოს ოქროპირიძისათვის პატიმრობის შეფარდება, თუმცა, ამ საქმეში პროკურატურის მოქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს არა კონსტიტუციით გარანტირებული სტანდარტისადმი პატივისცემას, რომლის თანახმადაც პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს და რომელიც თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ ადამიანზე, რამდენად მძიმე დანაშაულის ჩადენაშიც არ უნდა ედებოდეს მას ბრალი, არამედ მისი გვერდის ავლის მცდელობას.

ამასთან საყურადღებოა, რომ არაადამიანური მოპყრობის შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე პატიმრის მიმართ ბრალის წაყენება წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს, რომელმაც შესაძლებელია, გამოიწვიოს სხვა პატიმრების დაშინება, ვინაიდან ეს პრეცედენტი შეიცავს პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ წამების ან არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა პატიმრის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს - მოხდეს მისთვის ბრალის წაყენება ცრუ დასმენის საფუძვლით და ამით პატიმრობის ვადის გახანგრძლივება.

წამება და არაადამიანური მოპყრობა წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლების დარღვევას და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო დაზარალებულებს შეეძლოთ თავისუფლად, ყოველგვარი შიშის გარეშე განაცხადონ ასეთი შემთხვევების შესახებ; ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ასეთი პრეცედენტის დაშვება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის წამების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

საია აცნობიერებს იმ ძალზე რთულ და სენსიტიურ კონტექსტს, რომელიც თან ახლავს აღნიშნულ საქმეს, რომელიც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას ეხება, თუმცა, აღნიშნული კონტექსტი არ უნდა გახდეს ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საშიში პრეცედენტის დაშვების საფუძველი, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ კონკრეტული ბრალდებულის უფლებებს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემას.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს:

• პატივი სცეს ბრალდებულის კონსტიტუციით გარანტირებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას;
• თავი შეიკავოს კონკრეტულ საქმეებზე კომენტირებისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეზე სასამართლო განხილვა არ არის დასრულებული, ვინაიდან მისმა განცხადებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს როგორც კონკრეტული საქმის ბედზე, ასევე პროკურატურისა და სასამართლოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე, ან შექმნას ამგვარი გავლენის მოხდენის საფრთხე, რაც უარყოფითად აისახება როგორც ამ ინსტიტუტების, ასევე სახელმწიფოს იმიჯზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე;

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

• იმოქმედოს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ განახორციელოს ისეთი მოქმედებები, რაც ეწინააღმდეგება როგორც კანონის, ასევე სახელმწიფოს დეკლარირებული პოლიტიკის უზენაეს მიზანს - ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემას",-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები