ბიზნესი საქართველოში

ადეიშვილი: რეკეტის შემთხვევაში რომელიმე პროკურორს პირადი სარგებელი უნდა მიეღო

საქართველოში ბიზნესი წნეხის ქვეშ რომ ყოფილიყო, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდებოდა - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ადეიშვილის თქმით, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობდა. მისი თქმით, სწორედ ამ მიმართულებით წინსვლის შედეგია გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პენსიების რაოდენობის ზრდა, დაგროვილი გადასახადები და ა.შ.

"რაც შეეხება იმას, თუ როგორი იყო ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები, 2004 წლამდე მთელი ეკონომიკიდან სიკეთეს იღებდა მხოლოდა 50 დან 100 ოჯახამდე, არ გროვდებოდა გადასახადები და შედეგი იყო ის, რომ საქართველოში არ იყო გზები, ელექტროენერგია, გზები, ხელფასები. ნორმალური ქვეყანა გულისხმობს იმას, რომ უნდა გროვდებოდეს გადასახადები. როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მოძრაობა დავიწყეთ, შედეგი მივიღეთ ის, რომ პენსიების რაოდენობა გაიზარდა 9-ჯერ, საგადასახადო შემოსავლების რაოდენობა გაიზარდა 12-ჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადასახადები მნიშვნელოვნად შევამცირეთ.

შედეგი არის ის, რომ საქართველოში ამ პერიოდის განმავლობაში შედარებით კარგი ინფრასტრუქტურაა, მოწესრიგდა ძირითადი სასიცოცხლო პრობლემები, სახელმწიფო მოხელეებს აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. ბუნებრივია, ეს პროცესი იყო მტკივნეული და ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გვქონდა ჩვენც სირთულეები გვქონდა. იმიტომ, რომ არ იყო გამოცდილება, როგორ უნდა გამოვსულიყავით ამ ტოტალური გადასახადების გამოუსვლელობიდან რეალურად იმ პროცესამდე, რომ ბიზნესის უმეტესობა დღეს იხდის გადასახადებს და დღეს ბიზნესი არის თეთრი", - განაცხადა ადეიშვილმა.

ადეიშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი წნეხის ქვეშ იმყოფება, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. შესაბამისად, ის ფაქტები, რომ საქართველოს ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, მშ 7%-ით გაიზარდა და ა.შ, სწორედ ბიზნესის განვითარებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნაზე მეტყველებს.

"როდესაც ამბობენ, რონმ ბიზნესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, ჩნდება კითხვა, რატომ მოხდა ამ პოერიოდში საქართველოში ეკონომიკის სამჯერ გაზრდა? რატო მოხდა ის, რომ საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდებოდა 7%-ით ქვეყანაში? რატომ მოხდა ის, რომ საქართველოში ყველაზე ადვილია ბიზნესის რეგისტრაცია? რატომ მოხდა ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან ყველაზე ადვილი საქართველოშია საბაჟო პროცედურების ჩატარება? რატომ არის საქართველოში ყველაზე ნაკლები ლიცნზიები და რეგულაციები? ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯი იმისთვის, რომ ბიზნესი ყოფილიყო თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს ამ პროცესში ბუნებრივია იყო გარკვეული შეცდომებიც. თუ ლაპარაკია რეკეტზე, რეკეტი არის, როდესაც აქვს ვინმეს პირადი გამორჩენა, თუ რომელიმე პროკურორს, დაწყებული ჩემით, ამ პროცესიდან მიღებული აქვს გარკვეული სიკეთე, ნებისმიერს შეუძლია დაინტერესდეს და ნახოს, აღმოჩნდა თუ არა რამე ქონება რომელიმე ადამიანის ხელში", -განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

კომენტარები