ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ლეჟავა: ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა კარგად გათვლილი და რეალისტური პროგრამაა

ტაბულა

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის ვატო ლეჟავას შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა კარგად გათვლილი და რეალისტური პროგრამის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

"რეფორმები რომ გადაუდებელი და აუცილებელია, ეს თვალსაჩინოა. ეს გეგმა ტოვებს კარგად გათვლილი და რეალისტური პროგრამის შთაბეჭდილებას. პრინციპში, იდეები, რომლებიც ამ პროგრამაშია, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს წარმატებით დანერგილა, მაგალითად, მოგების გადასახადის გაუქმება, რომელიც ჩემთვის ძალიან მისაღებია ფილოსოფიურადაც, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ წარმატება ეკონომიკაში არ უნდა ისჯებოდეს. და მოგების გადასახადის ფილოსოფიაა, რომ რაც უფრო მეტს მოიგებ, მით უფრო მეტად დაიბეგრები ანუ წარმატება ისჯება. ეს არ უნდა იყოს ჩვენი კანონმდებლობის ნაწილი. ამ ფინანსურ ეფექტთან ერთად, რაც ამ გადასახადის გაუქმების შედეგად დარჩება ბიზნესს, არის კიდევ ერთი ძალიან კარგი შეღავათი, ფაქტობრივად, შესაძლებელია, ამ გადასახადის გაუქმებით საგადასახადო კოდექსის თითქმის 2/3-ის დახევა და ისტორიის სანაგვეზე გადაგდება, რადგან ასეთი ადმინისტრირების აუცილებლობა აღარ იქნება", - განაცხადა ლეჟავამ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეკონომიკური კვლევის ცენტრებსა და ეკონომიკის ექსპერტებს ანტიკრიზისული გეგმა დღეს წარუდგინა. პროგრამა მიზნად საგადასახადო სისტემის მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას, ქვეყანაში ბიუროკრატიისა და არამიზნობრივი ხარჯების შემცირებას და, ამავდროულად, გაჭირვებულთა და სოფლად მცხოვრებთა მიზნობრივი დახმარების ზრდას ითვალისწინებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 36-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს მოგების გადასახადის გაუქმება და, ამავდროულად, საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე დაწევა წარმოადგენს. გეგმა ბიუჯეტის ხარჯების 1.4 მილიარდით შეკვეცასაც ითვალისწინებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმით, საქართველოს მთავრობა უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულად უფრო მცირე და ეფექტურ სისტემად, რომელიც ქვეყანაში სოციალურ უზრუნველყოფას დღევანდელთან შედარებით უფრო მიზნობრივსა და ეკონომიურს გახდის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული პროგრამის თანახმადვე, გაჭირვებულებისა და მდიდრების ერთნაირად დახმარების ნაცვლად, სახელმწიფო შეწყვეტს წლიური 40 000 ლარის შემოსავლის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. როგორც პროგრამაში წერია, ეკონომიკურად აქტიური ეს ადამიანები სარგებელს გადასახადების შემცირების ხარჯზე მიიღებენ.

კომენტარები