სტიქია თბილისში

ომბუდსმენი: კოორდინირებული ძალისხმევა არსებითი მნიშვნელობისაა

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 13–14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

"აუნაზღაურებელია ის დანაკლისი, რომელიც დაღუპულთა ახლობლებმა და მათთან ერთად სრულიად საქართველომ განიცადა. არსებული ინფორმაციით, სტიქიისაგან დაზარალებულ მოსახლეობას მიადგა ძლიერი მატერიალური ზარალი. რამდენიმე ოჯახი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა. მძიმე შედეგები მოყვა სტიქიას თბილისის ზოოპარკისთვისაც. რთულ ვითარებაშია ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი. მისასალმებელია, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული და მყისიერი რეაგირება მომხდარ მოვლენებზე. ამ რთულ ვითარებაში, პირველ რიგში, დროულად უნდა მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, ხოლო დაზარალებულ ოჯახებს გაეწიოთ სათანადო დახმარება. უნდა გაგრძელდეს ზოოპარკს გარეთ დარჩენილი ცხოველების იდენტიფიცირება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი უვნებელი დაბრუნება ზოოპარკში. ყველა ამ მიმართულებით კოორდინირებული ძალისხმევა არსებითი მნიშვნელობისაა. საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება აღნიშნულ პროცესს, მის ხელთ არსებული საშუალებებით", - ნათქვამია განცხადებაში.

13-14 ივნისის ღამის სტიქიის შედეგად, თბილისში სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა. 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები