სტიქია თბილისში

თბილისის ზოოპარკი: დაუზუსტებელ ინფორმაციას და ფოტომონტაჟს ნუ გაავრცელებთ

Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, დაუზუსტებელი ინფორმაციისა და ფოტომონტაჟის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მზია შარაშიძის თქმით, ორი დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ქუჩაზე ნაპოვნია ვეფხვი, მგელი და სხვა ცხოველები. შეტყობინებების საფუძველზე, ჯგუფები ქალაქში გადიან, თუმცა არცერთი ცხოველი მითითებულ ადგილას არ აღმოუჩენიათ.

ზოოპარკის წარმომადგენელი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თუ საკუთარი თვალით არ ნახავენ ცხოველს, არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარონ ინფორმაცია. მისივე თქმით, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, გაქცეულია თუ არა ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი.

"იძულებულნი ვხდებით, გავგზავნოთ ჩვენი ვეტექიმების ჯგუფი ყველა იმ მისამართზე, საიდანაც შემოდის საგანგაშო ზარი. თუმცა სტიქიის ღამიდან დღემდე არც ერთი ცხოველი არ იქნა ნაპოვნი ქალაქში, არც ცოცხალი და არც მკვდარი. აქაც ბევრი ცხოველია მძიმე მდგომარეობაში, ჩვენი ვეტექიმების რესურსი აქაც ძალიან საჭიროა. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ მსგავს ინფორმაციას, თუ საკუთარი თვალით არ ნახავთ ცხოველს" - აცხადებს თბილისის ზოოპარკი. 

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

კომენტარები